logo_geo
eng_logo
თბილისის ისტორია ლეღვთახევის კლდეზე იქნება ნაჩვენები
- +

8 ივლისი. 2016. 10:38



10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ყოველ საღამოს 21:00 საათიდან, კომპანია „ბოქს მედია გრუპ"-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ლეღვთახევში (აბანოთუბანში) ვიდეოპროექციით კლდეზე გაცოცხლდება თბილისის ისტორია.



პროექტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ტექნოლოგიების და ბუნების სინთეზით მოეთხროთ თბილისის უახლესი ისტორიის ნაწილი, რისთვისაც ბევრი ძიების შემდეგ ტურისტებით და ახალგაზრდებით ყველაზე მეტად დატვირთული ადგილი - ლეღვთახევი შეარჩიეს. ასე დაიბადა კლდეზე თბილისის ისტორიის გაცოცხლების იდეა, რომელიც ხაზს გაუსვამს ბუნებრივად ლამაზ და მეტად საინტერესო ადგილს.



პროექტის მიზანია,  ტურისტებს გავაცნოთ ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, შევთავაზოთ საქართველოში არსებული უამრავი სხვა ადგილები, დაცული ტერიტორიები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სხვა მრავალი. პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და, რა თქმა უნდა,  მოქალაქეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ასეთი განსხვავებული კომუნიკაციის საშუალებით. ასევე, დამთვალიერებლებისთვის საინტერესო, ინფორმაციული და გასართობი სანახაობის შეთავაზება. ლეღვთახევის კლდეზე ვიდეოპროექციით გავა ძველი თბილისის ფოტომატიანე, ვიდეოკლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული თბილისის ხედები, ქვიშით ხატვით მოთხრობილი თბილისის ისტორია და გასართობი ვიდეოანიმაცია.



ორგანიზატორები მადლობას უხდიან დახმარებისთვის და თანადგომისთვის ქ. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, კრწანისის გამგეობას, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, „სინათლის ქალაქს", გამომცემლობა „პალიტრა L"-ს, კომპანია „copter.ge"-ს, ქალბატონ ნონა გიუნაშვილს, ბატონ მიხეილ კობიაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტის განხორციელებას.

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner