საერთაშორისო ექსპერტების უილსონის ცენტრის მიმომხილველმა მაიკლ კოფმანმა „ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსის რამდენიმე წევს დღეს ან უახლოეს მომავალში საქართველოს NATO-ში ხილვა არ სურს.
„დღეს NATO-სთვის ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, თუ რა ფორმით გააგრძელოს ურთიერთობა საქართველოსთან. ნათელია, რომ ალიანსის რამდენიმე წევრს დღეს ან უახლოეს მომავალში საქართველოს NATO-ში ხილვა არ სურს. ამავე დროს ნათელია, რომ მათ არც საქართველოს მიტოვება უნდათ და ცდილობენ, რაღაც გააკეთონ.
ვფიქრობ, NATO საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს და კიდევ, NATO-ს წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან, საფუძველი ჩაუყარონ საქართველოსთან რაიმე ახალი ტიპის ურთიერთობას, რომელსაც არ ერქმევა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ან სამოქმედო რუკა, მაგრამ იქნება უფრო არსებითი, ვიდრე ალიანსისა და საქართველოს დღევანდელი ურთიერთობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, NATO საქართველოს პოლიტიკურად არ მიატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ასეთია ალიანსში დღეს არსებული რეალობა. უკრაინამ კი, ჩემი აზრით, თვალყური უნდა ადევნოს საქართველოს გარშემო მიმდინარე პროცესებს, რადგან საქართველო უფრო შორსაა წასული იმ გზაზე, რის გავლასაც უკრაინა აპირებს", - განაცხადა მაიკლ კოფმანმა.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიმომხილველი ენტონი კორდესმანი, რომელიც ასევე პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანია, აცხადებს, რომ ალიანსი საკვანძო გამოწვევების პრიორიტეტიზაციას ვერ მოახდენს.
„ის ყველა მათგანს უნდა გაუმკლავდეს. ავღანეთში არსებული პრობლემა სერიოზულია, ის თავისით არ გაქრება. სერიოზულია რუსეთის საკითხი და გამოწვევები ბალტიის ქვეყნებში. მოსაგვარებელია ვითარება NATO-ს არაწევრ ქვეყნებთან დაკავშირებითაც - მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი. გაერთიანებული სამეფოს გასვლა ასევე ითხოვს NATO-ს რეაგირებას - როგორ მოხდება ალიანსის მხრიდან ახლებური რეალობის გათავისება. და ბოლოს, ტერორიზმი, სიტუაცია ერაყში, სირიასა და ლიბიაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალიანსი წარსულში არაერთ პრობლემას პარალელურ რეჟიმში გაუმკლავდა, ახლაც ასეთი კომპლექსურია რეალობა და ალიანსი მათ იგნორირებას უბრალოდ ვერ მოახდენს", - განაცხადა ენტონი კორდესმანმა.