logo_geo
eng_logo
აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
- +

8 ივლისი. 2016. 12:05



აშშ-ის სენატმა მიიღო NATO-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ NATO-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.


სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია „საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, და ასევე საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა".


რეზოლუციაში ხაზგასმულია „NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის" მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობებისგანვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია NATO-საქართველოს „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის" როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.


რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა.


რეზოლუცია მხარს უჭერს NATO-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს NATO-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.


აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner