„ოპოზიციის ქმედება ეს არაა ბოიკოტი, ეს პირდაპირი გაგებით საბოტაჟია“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ორი კვირის წინ ევროპის საბჭოს ასამბლეამ მიიღო მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც პირდაპირ, სიტყვასიტყვითაა ნახსენები, რომ საპარლამენტო ოპოზციის მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმა. შეიძლება გაიგივდეს დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ აქტად“, - აღნიშნა მიქანაძემ.
ამასთან, მისი თქმით, სწორედ ეს ფრაზაა ჩაწერილი ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლის ნაწილიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
„ამ დოკუმენტით შეფასდა ოპოზიციის საბოტაჟური მოქმედება, რის მომსწრენიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვართ“, - განაცხადა მიქანაძემ.
მიქანაძე აცხადებს, რომ არაერთი მცდელობა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას, პარლამენტის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.
„მათ ეს ვერ გამოუვიდათ, რადგან კონსტიტუცია და კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ 76 დეპუტატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი არის ლეგიტიმური და ყველა არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება. 2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში 90 დეპუტატმა ვცანით 150 დეპუტატის უფლებამოსილება. მათ შორის ნიკა მელიასი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ის საბოტაჟის მდგომარეობაში იმმყოფება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ