საქართველოს დელეგაცია ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარსდგა, რომელსაც ასევე ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს და რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს NATO-ს კურსის ურყევი ნება.
„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს - როდესაც საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.