საქართველოს პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და მუქარის ფაქტზე თ.ვ.-ს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 12 თებერვალს, თბილისში, თ.ვ-მ, ამ ეტაპზე დაუდგენელი მოტივით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მის ყოფილ თანამშრომლებს ი.ხ-ს და გ.კ.-ს დაზიანებები მიაყენა. ხოლო ნ.ე-ს, ჯერ ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, შემდეგ კი მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
„თ.ვ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (ორი ეპიზოდი)), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.