ავტორი მარიამ პაიჭაძე
„ძლიერმა წვიმამ ვანის რაიონი დააზიანა", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" საუბარში. მისი თქმით, მოვარდნილმა წყალმა სოფელში არსებული ხიდები წაიღო და ზარალი რამდენიმე მილიონს აღწევს.
„გუშინწინ ღამით ძლიერმა წვიმამ ვანის რაიონი დააზიანა. გუშინ საღამოს ისევ დაიწყო კოკისპირული წვიმა, რომელიც, სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება. წვიმამ გამოიწვია სულორის, ყუმურისა და სხვა, ასე ვთქვათ, ისეთი მდინარეების ადიდება, რომლებიც ფაქტობრივად ღელეებად იწოდება და არანაირ საშიშროებას არასდროს არ წარმოადგენდა. მოვარდნილმა წყალმა წაიღო რამდენიმე ხიდი, დაახლოებით ორ ათეულამდე, განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ქალაქის ცენტრში ერთი უბნის მეორესთან დამაკავშირებელი კაპიტალური ხიდი, რომელიც წყლის ნაკადმა მოშალა. გარდა ამისა, წყალმა წაიღო სოფელ მუქედში არსებული ხიდები, მდინარე ბონკოზე არსებული კაპიტალური ხიდი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქალაქის ტერიტორიაზე. იმდენად ძლიერი წვიმა იყო, რომ მდინარესავით მოდიოდა წყალი გზებზე. სოფელ სალხინოში, სადაც მოსახლეობა გზის პირზე ოდნავ დაბლა არის განთავსებული, ასევე შუამთასა და მთისძირში, გზიდან წამოსული წყლის ნაკადი შევარდა სოფელში და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები ფაქტობრივად დატბორილია. ზარალი ძალიან დიდია, დაახლობით რამდენიმე მილიონამდე. დაღუპულია ფრთოსანი ფრინველიც. სამწუხაროდ, მწყობრიდან გამოვიდა ბევრი ინფრასტრუქტურა. ჯერჯერობით ამომწურავი ინფორმაციები არ გვაქვს და ამ წუთებშიც მიმდინარეობს დაზუსტება. მუშაობენ სამაშველო სამსახურები, ადგილობრივი გამგეობის შესაბამისი სამსახურები. როგორც კი იქნება საშუალება, კომისიურად მოხდება ამ ყველაფრის დათვლა და შემდგომ, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობასთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოსახლე არ დარჩეს დახმარებისა და ყურადღების გარეშე", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.