logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი, ოპოზიციას არ გააჩნია
- +

14 თებერვალი. 2021. 23:55

 

 

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აფასებს.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საზოგადოების საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი ოპოზიციას არ აქვს.

 

“ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს ხუთი ადამიანის გათავისუფლებას, რომელთაც პოლიტპატიმრებს უწოდებს. სწორად გააკეთა თუ არა ეს ხელისუფლებამ, ცალკე საკითხია, მაგრამ მათგან ოთხი უკვე გარეთაა. მართალია, მათ წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა, მაგრამ აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალა და ისინი ახლა სახლში არიან, რაც კარგია. თქმა იმისა, რომ ეს გათავისუფლება ამოვარდნილია პოლიტიკური კონტექსტიდან, ალბათ, შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, როგორც გვესმოდა, ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებების დროს დღის წესრიგში ყოველთვის იდგა ეს საკითხი. მართალია, ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს მათი საქმე არ არის და ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ… ჩემი აზრით, ეს იყო ნაბიჯი, გნებავთ – მესიჯი არა მარტო ოპოზიციის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რომ ხელისუფლება რაღაცას თმობს და ეს დათმობები შეიძლება გაგრძელდეს.

 

ვინ როგორ გამოიყენა ეს თემა, სხვა საკითხია. ელისაშვილის განცხადებით, მათ დაინახეს, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით ხელისუფლებისადმი ნდობა აღდგა და ამიტომ შედიან პარლამენტში. არა იმიტომ, რომ პერსონალურად ვიღაცები გაათავისუფლეს, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. გაფორმდა მემორანდუმიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური სივრცე, პოლიტიკური ლანდშაფტი არცთუ მკვეთრად, მაგრამ მაინც შეიცვალა, თუმცა ერთი პარტიის პარლამენტში შესვლით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას არ დამთავრდება. დღევანდელ ოპოზიციაში მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის “ნაცმოძრაობა”. მას აქვს ყველაზე მეტი მანდატიც და გავლენაც – თუ ელექტორულ გავლენასა და დაპირისპირებაზე ვლაპარაკობთ და არა კრიზისზე. პოლიტიკური კრიზისი, ჩემი აზრით, სხვა რამეა, თუმცა დაპირისპირება აშკარაა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანია, რადგან გულწრფელად რომ ვთქვათ, ერთპარტიული პარლამენტი, ძირითადად, პიარის თემაა და მეტი არაფერი. ერთპარტიული პარლამენტი ვერ ახდენს გავლენას იმ ხალხზე, ვისზეც უნდა მოახდინოს, ანუ საერთაშორისო პარტნიორებზე.

 

ამას ვხედავთ სტრასბურგში ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის წარმომადგენლებსა თუ ჯანი ბუკიკიოსთან საპარლამენტო კომისიის შეხვედრებზეც… ელისაშვილისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, მაგრამ ის რისკავს თავისი პოლიტიკური მომავლით. ანუ ერთია, როგორ შევაფასებთ მის გადაწყვეტილებას ექსპერტები, მედიასაშუალება თუ ოპოზიცია და მერე – როგორ აღიქვამს ამას მისი ამომრჩეველი. თუმცა “მოქალაქეებმა” კარი ღია დატოვეს, როცა განაცხადეს, ჩვენ შევალთ პარლამენტში, მაგრამ თუ დანაპირები არ შესრულდება, ისევ გამოვალთო. ვნახოთ, შესრულდება თუ არა დანაპირები, მაგრამ ამ აჟიოტაჟის შედეგად პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა – ოპოზიცია ქუჩაში დარჩა.

 

ეს აჟიოტაჟი დასრულდება ადგილობრივ არჩევნებზე, რომელშიც ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეს განსხვავებული არჩევნებია, არამედ იმიტომ, რომ თუ საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, მათ სათქმელი ექნებათ, რომ არჩევნებში სწორედ ამ ცვლილების გამო მონაწილეობენ. თუმცა რომც არაფერი შეიცვალოს, ოპოზიცია მაინც მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან თუ ასე არ მოიქცევა, შეიძლება რეგიონული ორგანიზაციები დაეშალოს. რეგიონულ ორგანიზაციას შეიძლება მაინცდამაინც არ აწუხებდეს, პარტიული ელიტა შევა თუ არა პარლამენტში, მაგრამ როდესაც დადგება საკითხი, თვითონ შევიდეს თუ არა საკრებულოში, ის საკუთარ ინტერესებზე იფიქრებს. სწორედ ამიტომ ოპოზიცია იძულებულია, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ცდილობს ამის გამართლებას – ამიტომ და იმიტომ ვიქცევი ასეო. ამის შედეგად გვექნება მრავალპარტიული საკრებულოები და ერთპარტიულობა დასრულდება.

 

ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი გახლავთ ის, რომ საზოგადოების საპროტესტო ტალღის აგორების რესურსი, ჩემი აზრით, ოპოზიციას არ გააჩნია. მათი მოლოდინი, რომ გაზაფხულზე შიმშილობა დაიწყება და ხალხი ქუჩაში გამოვა, ალბათ, არ გამართლდება. ამის გარდა, ოპოზიცია მოკლებულია მთავარს, რაც, ძირითადად, განსაზღვრავს ხოლმე საქართველოში პოლიტიკური პროცესის წარმატება-წარუმატებლობას – დასავლეთის მხარდაჭერას. სამი თვე გავიდა და არჩევნების ლეგიტიმურობა საეჭვო არავის გაუხდია. განაცხადეს, კი ბატონო, იყო დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რომ არჩევნების შედეგები სათუო გახდესო და პირიქით, მოუწოდეს ოპოზიციას, თუ რამე არ მოსწონს, ამას პარლამენტიდან ებრძოლოს. ანუ ოპოზიციას დასავლეთი მხარს არ უჭერს და, ვფიქრობ, ასეც გაგრძელდება, ასე რომ, ისინი ქუჩაში მარტონი დარჩებიან.

 

კიდევ ერთი მთავარი პრობლემა – ოპოზიციური ელიტა ოპოზიციურ ელექტორატს ვერ აერთიანებს. მათ შეიძლება რაღაცაზე შეთანხმება მოახერხონ, მაგრამ მათი ამომრჩეველი არ გაერთიანდება. არის ამომრჩევლის ნაწილი, რომელმაც საკითხის გამწვავების შემთხვევაში შეიძლება ისევ “ოცნებას” დაუჭიროს მხარი და არა ოპოზიციას. საყურადღებოა ისიც, რომ ეს დაპირისპირება კლავს პატარა პარტიებს, რომლებიც – ოღონდ ჯერ ვერ ავხსენი, რატომ – რჩებიან ქუჩაში და თავიანთ ამომრჩეველს “ნაცმოძრაობისკენ” მიერეკებიან. არ ვიცი, ამ გზაზე მათ რამდენი გაჰყვება, მაგრამ წესით, ამ პარტიების ლიდერები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკა მხოლოდ “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” აძლევს ხელს. ახლა ვამბობთ, რომ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ერთპარტიულ ქვეყანას მივიღებთ”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner