logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ქუჩიდან პრობლემები ვერ გვარდება
- +

15 თებერვალი. 2021. 00:36

 

 

ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რადგან ეს ნაბიჯი პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს.

 

როგორც ექსპერტი გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს, ელისაშვილ-იოსელიანის შესვლით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიქმნება, მაგრამ ორი აქტიური პოლიტიკოსი ხშირად შეიძლება, 82-საც უდრიდეს.

 

“ვიზიარებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და თუ რამის მოგვარება უნდა, იქიდან მოაგვაროს. ქუჩიდან პრობლემები ვერ გვარდება. ამიტომ პარლამენტისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პროგრესული გადაწყვეტილებაა, მით უფრო, თუ განხორციელდა მემორანდუმით გათვალისწინებული ცვლილებები. ეს პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ გააჯანსაღებს. რაც შეეხება იმის ძახილს, რომ ორი ადამიანი პარლამენტში ვერაფერს შეცვლის – წინა პარლამენტში გაცილებით მეტი ოპოზიციონერი იყო, მაგრამ რა შეცვალეს?.

 

ელისაშვილ-იოსელიანის შესვლით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიქმნება, მაგრამ ორი აქტიური პოლიტიკოსი ხშირად შეიძლება 82-საც უდრიდეს, მით უფრო იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციური ხმა ისმოდეს. ასე რომ, მე ალეკო ელისაშვილის ნაბიჯს ვიწონებ და დანარჩენ ოპოზიციასაც გადაწყვეტილებების გადახედვას ვურჩევ. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი პოზიცია. რომელიღაცამ განაცხადა, ელისაშვილმა ხალხს არ გაუწია ანგარიშიო. კი, მაგრამ რომელ ხალხს? “ქართული ოცნების” ამომრჩეველთან ერთად, ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლა უკეთესია, ვიდრე ქუჩაში დარჩენა. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, რასაც ოპოზიცია ანგარიშს არ უწევს. შეხედონ ენ-დი-აის კვლევას – 5%-მდეა შემცირებული “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი. აქედან გამომდინარე, ის გზა, რომელსაც ეს ჯგუფი და მასთან ერთად სხვა ოპოზიციური ძალებიც ადგანან, წარმატების მომტანი ვერ იქნება. ხალხის თვალსაზრისი ცხადად ჩანს ამ კვლევაშიც და ხალხის სახელით ლაპარაკს, მგონი, უნდა მოერიდონ.

 

ოპოზიციას მხარდამჭერები აკლდებიან, რაც ნიშნავს, რომ ხალხს სურს, პოლიტიკოსები პარლამენტში ნახოს და არა ქუჩაში. 2020 წელს, ამავე ენ-დი-აის კვლევების თანახმად, “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს ამომრჩეველთა დაახლოებით 16% უჭერდა, არჩევნებში კი 10%-ით მეტი მიიღო. ეს როგორ მოხდა, კიდევ საკითხავია, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წელს მისი მხარდამჭერების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. თუ ასე გააგრძელა ვარდნა “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის რეიტინგმა, ის მალე შეუერთდება იმ 1-2-3%-იან პარტიებს, რომელთაც ჩვენში ანგარიშს არც უწევენ. ეს პოლიტიკური ძალა თითქმის მიმდგარია ამ უკიდურეს ზღვართან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიციის დირიჟორი გახდა, შესაბამისად, გამოდის, რომ თანდათან დანარჩენი ოპოზიციური ძალების რეიტინგიც შემცირდება.

 

მოკლედ, საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ პარლამენტში კი არა, ოპოზიცია ქვეყანაშიც აღარ იყოს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. თუმცა დღევანდელი ოპოზიციაც ხომ ოპოზიცია არ არის! ეს არის მასა, რომელიც ყვითელი პრესის მსგავსად, ვულგარულობის, სკანდალურობის, ფეიკნიუსების ხარჯზე იზიდავს დაინტერესებულ ადამიანებს. ასეთი ყვითელი პოლიტიკური სპექტრი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, ის ქვეყანას ვერ განავითარებს ისევე, როგორც ყვითელი პრესა ვერასდროს შეძლებს ქვეყნის სწორად ინფორმირებას… “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც მუდამ ჰყავდა სტაბილური ამომრჩეველი. ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერია, ასეთ ლიდერს კი ყოველთვის მიჰყვება თაყვანისმცემელთა არმია, რომელზეც არც არგუმენტები ჭრის, არც – ფაქტები. ის თაყვანს სცემს და მორჩა! თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება თაყვანისმცემლებიც გამოფხიზლდნენ. თაყვანისცემა ტრანსს ჰგავს, ამ დროს რეალობის აღქმა უჭირს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ქარიზმატულ ლიდერსაც ვერ ექნება იმედი, რომ თაყვანისმცემელთა ერთი შეხედვით სტაბილური რაოდენობა მარადიულია.

 

საპარლამენტო არჩევნებამდე გამოჩნდა რამდენიმე პარტია, რომელთაც თითქოს ჰქონდათ მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ეს განსაკუთრებით ეხება “ლელოს”, თუმცა მან არ ითამაშა მესამე ძალის წესებით, მიეკედლა ერთ-ერთ პოლუსს, ანუ “ნაციონალურ მოძრაობას” და შანსიც დაკარგა. პატარა ქვეყანა ვართ, ასეთ მოკლე ხანში მესამე ძალა საიდან შეიძლება გამოიწუროს, ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთი კანონზომიერება – საკვანძო ეტაპზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა მმართველი პარტიისგან ჩნდება ხოლმე. მმართველ გუნდში მყოფ ადამიანს მოსახლეობისთვის თავის გაცნობა და მისი ყურადღების მოპოვება არ სჭირდება… ხშირად ხელისუფლებისგან გამოყოფილ ახალ პარტიას სიახლე არ მოაქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ხელისუფლებიდან არის წამოსული და ოპოზიციად ყალიბდება, უფრო მისაღები ხდება ამომრჩევლისთვის.

 

არც ახლაა გამორიცხული, “ქართული ოცნების” შიგნით გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპოზიციურ ძალად იქცევა. ვვარაუდობ, რომ ტრადიციის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას”, – განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner