საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა.
გაკეთდა ნოქალაქევის ახალი მუზეუმის პროექტიც.
2016 წლის ზაფხულში იწყება კომპლექსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური ობიექტების რესტავრაცია, ადაპტაცია და კონსერვაცია, რომელიც გაგრძელდება 2019 წლამდე. სამუშაოები მოიცავს შემდეგ ნაგებობებს:
აღნიშნული სამუშაოები შესაძლებლობას მოგვცემს ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად მომზადდეს შესაბამისი ნომინაცია. ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სათანადო რეაბილიტაცია, ასევე, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ტურისტულ-ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებას.
ამჟამად, სოფ. ნოქალაქევში (ისტორიული ციხეგოჯი) არქეოპოლისის ტერიტორიაზე მუშაობს ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელშიც საქართველოს მხრიდან ჩართულია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან - ოქსფორდის, კემბრიჯის, საუთჰემპტონისა და ბრედფორდის უნივერსიტეტების სტუდენტები და არქეოლოგები.
2001 წლიდან დღემდე ექსპედიციაში საველე-არქეოლოგიური პრაქტიკა გაიარა საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების 200-მდე სტუდენტმა. ამჟამად ნაქალაქარზე წარმოებულ სამუშაოებში მონაწილეობას იღებს ვინჩესტერის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის 20 სტუდენტი. 2 ივლისიდან მათი მონაწილეობით განახლდა გათხრები აღმოსავლეთ გალავნებთან და ჭიშკართან არსებულ A თხრილზე, სადაც იწმინდება ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრის კულტურული ფენები - სამოსახლო და რიტუალური მოედანი. აღნიშნული მოედნის ნაწილი და მისი თანადროული კულტურული ფენები ნოქალაქევში პირველად XX საუკუნის 80-იან წლებში აღმოჩნდა, სადაც დაფიქსირდა ძვ.წ. VIII-VII საუკუნეების ორმხრივპროტომიანი ზოომორფული ფიგურები.
პარალელურად, ნაქალაქარის ქვედა ტერასის ცენტრალურ ნაწილში, ორმოც მოწამეთა სახელობის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაიხსნა ახალი F თხრილი (ზომები: 5X10 მ). აღნიშნული თხრილის სამხრეთით 2005 წელს გამოვლინდა ელინისტური ხანის ნაგებობის კედელი. მიმდინარე წელს დაგეგმილია აღნიშნული ნაგებობის დანარჩენი კედლებისა და ინტერიერის გამოვლენა და შესწავლა.
2005 წლიდან, ექსპედიციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ნოქალაქევში ყოველწლიურად ფუნქციონირებს ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები. მათ ინგლისური ენის გაკვეთილებს ბრიტანელი სტუდენტები უტარებენ.