logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა
- +

15 თებერვალი. 2021. 16:01

 

„კანონზე მაღლა არავინ დგას, სადეპუტატო იმუნიტეტი არ არსებობს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს.

 

„როგორც იცით, დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროზე გადის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ხვალ დილიდან კი, აღნიშნულ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავენ საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც წარედგინება პარლამენტს, პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

საზოგადოებამ შაბათს უკვე მოისმინა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. იქვე ითქვა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა უმრავლესობის ფორმატში აღარ გადავდეთ, რათა ნიკა მელიას ქონოდა დრო და შესაძლებლობა, კარგად გაეაზრებინა მისი უკანონო ქმედების მოსალოდნელი შედეგები, თუმცა ნაცვლად ამისა, მედიასივრცეში მისი და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების მოწოდებებიც კი გამოჩნდა.

 

ჩვენი გუნდის პოზიცია მკაფიოა – კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს.

 

შესაბამისად, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ჩვენ მივიღებთ იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს.

 

ამის შემდეგ, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს, გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ საკუთარი პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

ქადაგიშვილის თქმით, „საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური, თუ მორალური არგუმენტი არ გააჩნია აშკარა პროვოკაციის გასამართლებლად და ერთადერთი სპეკულაციური არგუმენტი, რისი შეთხზვაც მოახერხეს, ნიკა მელიას გავრილოვის პატიმრად გასაღების მცდელობაა“.

 

„ჩვენ ვალდებულნი ვართ საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 20 ივნისის მოვლენები, რომელიც ობიექტურად დაიწყო გავრილოვის მძიმე პროვოკაციით და გაგრძელდა ნიკანორ მელიას მცდელობით საქართველოს პარლამენტი შტურმით აეღოთ, ვერ გამოდგება არგუმენტად, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბრალდებულების არა დამნაშავეობა თუ უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტასთან, რომელიც სასამართლოს პრეროგატივაა, არამედ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევასთან.

 

რადგან თავადვე ახსენებენ ამ საქმეს და მაინც ცდილობენ აქცენტი პარლამენტზე მიტანილი შტურმის საქმეზე გადაიტანონ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ ისინი არც თავიანთი თანაგუნდელების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაზე აღშფოთებულან, რომლითაც საქართველოს ბრალდებოდა აგვისტოს ომის დაწყება, არც მათი მმართველობის დროს სტრატეგიული ობიექტების რუსეთზე გადაცემაზე და არც მათ დაორგანიზებულ მიტინგზე, თავისუფლების მოედანზე, რუსულ ენაზე გაჟღერებულ სიმღერაზე გვახსოვს პროტესტის ნიშნად სცენაზე ავარდნილი მათი რომელიმე ლიდერი. ამით ჩანს რამდენად სპეკულაციური და ყალბია გავრილოვის არგუმენტად შემოტანა კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ერთადერთ მიზეზად.

 

და რაც ყველაზე მთავარია, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება, გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ თანხის ოდენობაა გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკანორ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების ბედს და თუ ის კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაცია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის თუ საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და მისი ზედმიწევნით შესრულება ყველასთვის.

 

„პოლიტიკაში ყოფნა ვერავისთვის იქნება ინდულგენცია, შესაბამისად საპარლამენტო კომიტეტები და საქართველოს პარლამენტი მიიღებენ სწორ სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – დასძინა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner