logo_geo
eng_logo
ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რა შემთხვევაში გადავლენ სკოლები დისტანციურ სწავლებაზე
- +

15 თებერვალი. 2021. 18:48

 

 

„განსხვავებულ გარემოში და მდგომარეობაშია არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ მსოფლიო, არ ვიცით, ხვალ რა კოვიდ-სტატისტიკა იქნება. COVID-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, გადავიდეს თუ არა კონკრეტული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, იღებს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

განათლების მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რა შემთხვევაში გადავა სკოლებში სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში და რა მოხდება მაშინ, თუ სკოლაში COVID-19 დაფიქსირდა.

 

„სასწავლო პროცესის მართვა ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საკოორდინაციო საბჭოზე ხდება საკითხების განხილვა. ერთი სცენარი, ვთქვათ რომ სკოლაში ვირუსი დაფიქსირდა, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან შეზღუდვებს. მაგალითად, სოფლად, მუნიციპალიტეტში როცა საკლასო ოთახში მიდიოდა სასწავლო პროცესი, მართლა ხელით ვმართავდით სკოლას, თითოეულ საკლასო ოთახს. თუ ვირუსი დაფიქსირდებოდა სკოლაში, ეს იქნებოდა მოსწავლე თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ტექნიკური პერსონალი ან მათი ოჯახის წევრები, დაუყოვნებლივ ეს ინფორმაცია ეცნობება ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებს. გადაწყვეტილებას, კონკრეტული სასწავლო ოთახი ან მთლიანად სკოლა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე იღებს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

ამასთან, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, არჩევანის უფლება გამოიყენა.

 

„მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, სკოლაში გაუშვებს თუ დისტანციურ სწავლებაზე დატოვებს ბავშვს. თუ კლასის მოსწავლეების მშობლების 60% ხედავს რისკებს, ეს დაშვებაცაა, რომ კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება“, - განაცხადა დგებუაძემ.

 

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით, სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო. საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ მოსწავლეები თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სადაც სწავლის პროცესი მანამდე ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვე მხოლოდ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner