„ჩვენი პარტნიორები იხილავენ იმ ხელშესახებ პროგრესს, რომელიც გვექნება როგორც საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის თვალსაზრისით, ასევე მართლმსაჯულებასთან მიმართებით“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რეაქციებს, რომლებიც მოდის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ქვეყანაში მომხდარ შიდაპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მართალია, უპასუხისმგებლო ოპოზიცია და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოზე ზეწოლაა; რომ პროცესები არადემოკრატიულად მიდის, თუმცა ჩვენ ხომ ვხედავთ, მკაფიო განცხადებებს, რომ მიუღებელია საერთაშორისო ცივილიზებულ ურთიერთობებში, ნორმალურ სახელმწიფოებში პარლამენტის ბოიკოტირება.
საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ იმ პოლიტიკურ ნებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, მმართველი გუნდი ამჟღავნებს ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით და შეფასება აბსოლუტურად რეალური და ადეკვატურია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.