logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე - ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე და დაცვის მხარე გამოთქვამს პრეტენზიას, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრება
- +

16 თებერვალი. 2021. 10:52

 

 

„შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე გამოთქვამს პრეტენზიას, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება“, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც მოხდა ამ წინადადების წარმოდგენა და ამ პროცედურის ინიცირება ხორციელდება, არის მარტივი გარემოება, კერძოდ, ის, რომ ნიკა მელიას არ სურს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს.

 

„ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო, რომ მართლმსაჯულების პროცესი, რომელიც მის მიმართ ხორციელდება, წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო. ის ფაქტი, რომ დღეს ამგვარი წინადადება არის წარმოდგენილი და პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, არის შედეგი ნიკანორ მელიას ქმედებისა, რომელსაც უბრალოდ არ სურს გირაოს თანხის გადახდა.

 

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ თავდაპირველადვე პატიმრობის გამოყენება, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვიმსჯელებთ დღევანდელ სხდომაზე“, - განაცხადა პროკურორმა.

 

მისივე თქმით, სახეზეა ოთხი მიზეზი, რის გამოც საჭიროა აღკვეთის ღონისძიება.

 

„საპარლამენტო იმუნიტეტი თანამდებობრივი მდგომარეობა არავისთვის არ არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას.

 

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისს, როცა თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების საკითხი, მაშინვე იქნა იდენტიფიცირებული ოთხი საფრთხე, ეს იყო: მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბრალდების მხარის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენებაზე არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციომ დაადასტურა საკუთარი განჩინებით, რომ 4-ვე საფრთხე იყო სახეზე. 2020 წლის 3 ნოემბერს, როცა ბრალდების შუამდგომლობის განხილვა მოხდა, მას შემდეგ რაც პოლიტიკური პერფორმანსის პირობებში მოიძრო სამაჯური და გადააგდო, აქაც სასამართლომ დაადგინა ამ საფრთხეების არსებობა, ამიტომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული მიზნების არსებობა მოცემულ საქმეში ეჭვს არ იწვევს.

 

ნამდვილად უპრეცედენტოა ამ საქმის სამართლებრივი მდგენელის ნაწილი, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარე გამოთქვამს პრეტენზიას, რატომ არ დააპატიმრა ბრალდებული პროკურატურამ, არ მგონია, პრაქტიკაში გქონოდათ შემთხვევა, როცა ამგვარ პოზიციას მოისმენდით ადვოკატისგან“, - განაცხადა გულუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner