logo_geo
eng_logo
NATO-ს სამიტის ფარგლებში NATO-საქართველოს კომისიის სხდომა პირველად გაიმართება
- +

8 ივლისი. 2016. 15:17


NATO-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე NATO-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა NATO-ს სამიტის ფარგლებში ტარდება.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ის, რომ NATO-ს ვარშავის სამიტზე საქართველო წარმოდგენილია მნიშვნელოვან ფორმატებში, ხაზს უსვამს ალიანსის მხრიდან საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი სამიტია, სადაც საქართველო წარმოდგენილია ძალიან მნიშვნელოვან ფორმატებში, მათ შორის პირველად სამიტის ფარგლებში იმართება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაში,  ეს ყველაფერი არის  ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


მისი ინფორმაციით NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესს. NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული იქნება ერთობლივი განცხადება. 

 

„ვიმსჯელებთ იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება, როგორც ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასევე თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ვისაუბრებთ საქართველოს წარმატებულ მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში. ასევე ვისაუბრებთ იმ ახალ ნაბიჯებზე, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და კიდევ უფრო დაგვაახლოებს NATO-სთან", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 


NATO-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და მონაწილეობას მიიღებს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner