logo_geo
eng_logo
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა
- +

16 თებერვალი. 2021. 18:54

 

 

 

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

 

როგორც საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განუცხადა, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.

 

საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე 24 საათის ფარგლებში უნდა იმსჯელოს.

 

პროკურატურის შუამდგომლობა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე, უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. დაველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელზეც ყველასთვის ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება. 24-საათიანი ვადა აქვს სასამართლოს, შეიძლება იყოს დღეს, შეიძლება იყოს ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

 

პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

 

„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

 

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

 

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

 

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 2021 წლის 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

 

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავდა. მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს სწორედ ამ დღეს მიმართა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner