კასპის მუნიციპალიტეტში ქუჩებისა და ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა გოჩიტაშვილთან ერთად დაათვალიერა.
მხარის გუბერნატორი პაატას, თავისუფლების, კოჯორის და გრიშაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაობს გაეცნო. პაატას ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ ასფალტირებული გზით აღნიშნული და მიმდებარე ქუჩის 2000-მდე მცხოვრები ისარგებლებს. ქუჩის სიგრძე 1000 გრძივ მეტრს შეადგენს, ხოლო მისი რეაბილიტაციისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 923 232 ლარია გამოყოფილი. ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება: საფეხმავლოების, ბეტონის ბორდიურების, რკინა-ბეტონის დახურული კიუტების და ეზოში შესასვლელების მშენებლობა. საფეხმავლო ბილიკების გასწვრივ განთავსება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნები ე.წ. ჯიბეები.
თავისუფლების, კოჯორის და გრიშაშვილის ქუჩების 2260 გრძივი მეტრის რეაბილიტაციას შპს „საგზაო სამმართველო №1" ასრულებს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 550 500 ლარია გამოყოფილი.
გარდა ქუჩებისა, იოსებ ოქრომელიძემ ასევე დაათვალიერა მდინარე ლეხურაზე მიმდინარე ე.წ. „წყალსაქაჩთან" მდებარე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხიდის სიგრძე 36 გრძივ მეტრს შეადგენს და მისი რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 235 599 ლარი იხარჯება.
„მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კასპის მუნიცილაპიტეტის ურბანული მხარე საგრძნობლად გაუმჯობესდება, რასაც პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობა იგრძნობს", - აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.
გზებისა და ხიდის რეაბილიტაციის პროექტები 2016 წლის აგვისტოში დასრულდება.