„დღის წესრიგში, ეროვნული იდენტობის საკითხის დასმა ძალიან სწორია. ესაა აუცილებელი წინაპირობა დემოკრატიული მმართველობისთვის. 2012 წლიდან, ავტოკრატიულიდან გარდამავალი პერიოდის შემდეგ, საქართველოში გვაქვს დემოკრატიული მმართველობა. დემოკრატიული მმართველობა ბევრი განსხვავებული ხალხის ერთობას გულისხმობს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც მრავალი, როგორც ეთნიკურად, ისე პოლიტიკური შეხედულებებითა და აღმსარებლობით განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ. შესაბამისად, საჭიროა, რომ ყველა ადამიანს საერთოობის შეგრძნება გააჩნდეს. ეს კი, უნდა იყოს ეროვნული იდენტობა.
„ეროვნული იდენტობაა მაგალითად, ისტორიული და კულტურული ტრადიციები, რწმენა, ენა, მორალური ღირებულებები, ნაციონალური სუვერენიტეტი... „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იქიდან ცდილობდა ამ ყველაფრის დევალვაციას, დღეს - მედიიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ უპირისპირდებოდა ეროვნული იდენტობის ყველა შემადგენელ კომპონენტს. მიმდინარეობდა ისტორიის რევიზია, კულტურის სრული პროფანაცია, დავკარგეთ სუვერენული ტერიტორიები, მოხდა ენის სრული დეგრადაცია. პირდაპირ ესხმოდნენ თავს რწმენის ღირებულებით საკითხებს, კულტურულ ძეგლებსა და ეკლესიებს. ავტოკრატიული მმართველობის პირობებში, ადამიანს არ უნდა ჰქონოდა ეროვნული იდენტობის შეგრძნება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდა. 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც მათ ეს ძალა აღარ აქვთ, ამ მიზნის მიღწევას მედიის საშუალებით ცდილობენ. მედიის მეშვეობით ისევ ცდილობენ კულტურის პროფანაციას, ენის ვულგარიზაციას - ყველა გადაცემაში იგინებიან, რწმენის შეურაცხყოფას, ბულინგსა და ნაციონალური სუვერენიტეტის ხელყოფას, რადგან ამბობენ, რომ გარეჯი საქართველო არაა. საშუალო სტატისტიკურ ქართველს, რომელსაც ეროვნული იდენტობის განცდა აქვს და უნდა, რომ შეინარჩუნოს ის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრობს, შეუძლია, თქვას, რომ მისი ეროვნული იდენტობა ისაა, რომ არის ღვინის, „ვეფხისტყაოსნის“, მიხეილ კალატოზიშვილის, ნოდარ დუმბაძის ქვეყნიდან“ - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.