საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ვარშავაში NATO-ს სამიტზე დასასწრებად უკვე მივიდა.
„აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი", - განაცხადა სამიტზე შესვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა.
გაიმართება NATO-ს გენერალური მდივნის და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ.
ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად გაიმართება NATO-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან.
საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც NATO-ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.