„ნიკა მელიას ძალიან მძიმე ქმედებები აქვს ჩადენილი. ის, რასაც მას ედავება გამოძიება და რის გამოც სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ვგულისხმობ 20 ივნისის ღამეს მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რომელიც უმძიმესი შედეგის მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, არანაკლებ მძიმეა ის, რაც ახლა ხდება, რადგან ეს არის საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მიმართ ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა.
„პიროვნება ამბობს, რომ არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მას არ უნდა ელექტრონული სამაჯურის ტარება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ნიკა მელია ცდილობს, საზოგადოებას დაანახოს, რომ კანონზე მაღლა დგას, რასაც სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. მაშინ რა თქვან იმ ბრალდებულებმა, რომლებიც სამაჯურს ატარებენ, რომლებსაც შეიძლება ასევე აქვთ უსამართლობის განცდა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.