logo_geo
eng_logo
პორტუგალიას ფინალში საფრანგეთი დაუპირისპირდება
- +

8 ივლისი. 2016. 17:41


 

ევრო 2016-ის ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია, თუ რომელი გუნდები ითამაშებენ კონტინენტის პირველობისთვის ფინალურ მატჩში. 6 ივლისს პორტუგალიამ უელსის ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას, 7 ივლისს კი, ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები, გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

შეხვედრა მეტწილად „ბუნდესგუნდის" შეტევების ფონზე წარიმართა.მათ უპირატესობაზე იოახიმ ლიოვის შეგირდების ბურთის ფლობის დამაჯერებელი მაჩვენებელიც მეტყველებს - 65%. მიუხედავად ამისა, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები გადამწყვეტ მომენტში სათანადოდ ეფექტურად არ თამოშობდნენ, რიგ ეპიზოდებში კი, ჰუგო ლორისმა საოცარი „სეივებით" 100%-იან გოლებს გადაარჩინა „ლე ბლე".

პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც გუნდები ფაქტობრივად გასახდელებში გადიოდნენ, გერმანელთა საჯარიმოში ბურთი ხელზე ბასტიან შვაინშტაიგერს მოხვდა და რიცოლიმ ხელი 11-მეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. ანტუან გრიზმანმა პენალტის ზუსტად შესრულება და ტურნირის მასპინძელთა დაწინაურება მოახერხა - 1:0.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით განვითარდა. გერმანია დომინირებდა, თუმცა 72-ე წუთზე, პოლ პოგბას მარჯვენა ფლანგიდან მიწოდებული ბურთი ნოიერმა უხეიროდ მოიგერია, ბურთი გრიზმანს მიუვიდა, რომელსაც დუბლის გაფორმება აღარ გასჭირვებია. დარჩენილ დროში გერმანელებმა კიდევ რამდენიმე ეპიზოდი შემოგვთავაზეს, თუმცა კვლავ უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ფრანგებსაც ჰქონდათ რამდენიმე კარგი შანსი გოლის გასატანად. ყველაზე გამოსარჩევი ოლივიე ჟირუს გარღვევა გახლდათ, თუმცა ფრანგს სისწრაფე არ ეყო და პირისპირ დარჩენილს ბენედიქტ ჰიოვედესმა ჩამოასწრო.

ასეა თუ ისე, მატჩის მიწურულს ტაბლოზე 2:0 საფრანგეთის სასარგებლოდ ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის საუკეთესო ნაკრების ტიტულისთვის ფინალში საფრანგეთი და პორტუგალია იბრძოლებენ. გადამწყვეტი შეხვედრა 10 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.


გერმანია-საფრანგეთი      0:2

 

გოლები:  გრიზმანი (45', პენ.), გრიზმანი (72') ;


გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი (61' მუსტაფი), ჰიოვედესი, ჰეკტორი - ჯანი (67' გიოტცე), შვაინშტაიგერი (79' სანე) - იოზილი, კროოსი, დრაქსლერი - მიულერი;


საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - სანია, კოსიელნი, უმტიტი, ევრა - პოგბა, მატუიდი - სისოკო, გრიზმანი (90' კაბაი), პაიე (71' კანტე) - ჟირუ (78' ჟინიაკი);


გაფრთხილება: ჯანი, შვაინშტაიგერი, იოზილი, დრაქსლერი - ევრა, კანტე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner