ავტორი მარიამ პაიჭაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია NATO-ს ვარშავის სამიტს „რეპორტიორთან" საუბარში ეხმაურება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის პრობლემებს მარტივად არავინ აიღებს თავის თავზე, მაგრამ გვერდში დაგვიდგებიან და დაგვეხმარებიან, რომ საქართველო იყოს უფრო დაცული.
„ჩვენ სხვადასხვა პროცესით აჟიტირება გვიყვარს. NATO-სკენ ჩვენი სვლა, ეს არ არის ერთი ნაბიჯი და უცებ ხვალვე ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არის დაცული. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი წარსულიდან, რომლითაც ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვედით. საკუთარ თავს ძალიან ბევრი პრობლემა შევუქმენით, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიების საკითხი. ბუნებრივია, მარტივად არავინ აიღებს საკუთარ თავზე ჩვენს პრობლემებს, თუმცა ყველანაირად გვერდში დაგვიდგებიან და დაგვეხმარებიან, რათა ჩვენი ქვეყანა გავხადოთ უფრო დაცული. მე მაქვს მოლოდინი, რომ ყოველ წელს ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული. ჩვენი მეგობარი ქვეყნები და მეგობარი ორგანიზაციები კი ამ გზაზე უნდა გვეხმარებოდნენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.