საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისში მალე ჩამოვა და 21 თებერვალს სუპერთასის მატჩს დაესწრება. შორს არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასაწყისია - 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტოკჰოლმში შვედეთს ესტუმრება.
სანიოლს ერთი ფრანგი და სამი ქართველი ასისტენტი ეყოლება. ახალ მწვრთნელს თანამემამულე პატრიკ ჟილე დაეხმარება, ერთ-ერთი აქაური თანაშემწე კი, სავარაუდოდ, ზურაბ ხიზანიშვილი იქნება...
საინტერესოა პირველი შთაბეჭდილებები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე. "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილთან, ვინც ტრადიციულად საინტერესოდ ილაპარაკა აქტუალურ თემებზე...
- ფაქტია, ვილი სანიოლის ნაადრევი ქება ან კრიტიკა ახლა არ გამოგვადგება. ყველა ვთანხმდებით, რომ ფრანგმა სპეციალისტმა საქმეს ძალიან რთულ დროს მოჰკიდა ხელი. როგორც მწვრთნელი, როგორ შეაფასებდით მის ამ ნაბიჯს?
- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე თვეზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი და როცა ასეთ დროს მწვრთნელი თანხმდება შეთავაზებას, ეს მისი მხრიდან ძალიან ვაჟკაცურ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ! ახლა მხოლოდ ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო. მჯერა იმისიც, რომ არ იყო წინასწარ განწირული ლაპარაკი, რომ, მაგალითად, მე ვერ გავიყვან ნაკრებს ვერსად და ასე შემდეგ. ჩვენი ქომაგის განწყობა და მოთხოვნა ეს არის: საქართველოს ნაკრები უნდა გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე!..
- რეალური გგონიათ ასეთი ჯგუფიდან გასვლა?
- მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე! ახლა მე ავხსნი, საიდან გვაქვს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ასეთი ამბიცია. რომელიმე დიდი ტურნირი რომ ავიღოთ, ან თუნდაც კონკრეტულად მსოფლიოს ჩემპიონატი, რამდენ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია იქ! გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა, მიშა მესხი, სლავა მეტრეველი... მერე იყო ჩვენი პლეადა, კახი ასათიანი, მერე მომდევნო თაობა - დათო ყიფიანი, ვოვა გუცაევი, რამაზ შენგელია... ყველა მათგანი ხომ ქართველი ფეხბურთელი იყო? ახლა ვნახოთ, როგორ თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები დიდ ტურნირებზე. პასუხი ამ კითხვას აქვს ერთადერთი - ძალიან მაგრად! პრაქტიკულად არ ყოფილა არცერთი დიდი ტურნირი, რომ ქართველები არ ყოფილიყვნენ გამორჩეულები. ჩვენ, ვისაც გვითამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე და ვინც ვართ ცოცხლები, გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოს ნაკრები გავიდეს იქ, სადაც მისი ადგილია. ამაში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი - ექსპერტმა, გულშემატკივარმა, ჟურნალისტმა, მწვრთნელმა... ახლა ბევრი საუბარია იმაზე, თუ როგორი ტაქტიკით უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა. დღეს, გინდა "პირველი ნომერი" იყავი და გინდა - "მეორე", ტაქტიკა არის ერთი - თუ ბურთი არ გაქვს, უნდა მოიპოვო და როცა მოიპოვებ, უნდა შეუტიო!.. ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი, გვყვანან ჩვენ ლეგენდები და მოდი, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისინი. ზოგიერთმა მწვრთნელთან ერთად მიხედოს ცენტრალურ მცველებს, ზოგიერთმა ცენტრფორვარდებს და ასე შემდეგ. სამწვრთნელო შტაბი რასაც ვერ გაწვდება, იმ ფეხბურთელების დასაკვირვებლად გავუშვათ ზოგიერთი და ასე შემდეგ...
- ბევრი ფიქრობს, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ძალიან გაგვიჭირდება...
- ძალოსნობაში არ გვიჭირდა? ერთი პერიოდი ჭიდაობაში არ გვიჭირდა? მებრძოლი სული არის ქართველში!.. შტანგა თუ ასე მაგრად ავწიეთ, რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენი ჟინით, მებრძოლი სულით წარმატებას ფეხბურთშიც მივაღწიოთ?! ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ წინაპარმა გადმომცა ქართული ფეხბურთის რწმენა და სიყვარული და მე ასევე ვარ ვალდებული, რომ გადავცე ჩემს მომავალ თაობას. ამიტომ ვლაპარაკობ ასე გულით.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვილი სანიოლს პროგრამა-მინიმუმად ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაუსახა...
- არავითარი მესამე ადგილი! ჩვენმა წინაპარმა, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ფეხბურთს, მანვე გადმოგვცა მისია და დაგვისახა მიზნად, რომ გავიმარჯვოთ და გავიდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. კარგი იქნება, თუ დავსხდებით ყველა ერთად, ჩვენი ლეგენდები მყავს მხედველობაში და დავილაპარაკებთ. მჯერა, წარმატებას მივაღწევთ. ჩვენი პოტენციალი დიდია!..