logo_geo
eng_logo
ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები საქართველოს სამ რეგიონში გაიმართება
- +

8 ივლისი. 2016. 18:13



საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება. 9 ივლისს, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართება საქართველოს სამ რეგიონში.



ქალაქ გორში, 19:00 საათზე, სტალინის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებულ სკვერში გაიმართება ნუცა ბუზალაძის, ქეთი ორჯონიკიძის, გიორგი სუხიტაშვილის, გიორგი ნადიბაიძის, მარიტა როხვაძისა და „KOKA & T. BLUES MOB"-ის კონცერტი.



ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარდგებიან ჯგუფი „ფრანი" და რობი კუხიანიძე ბენდით. დასაწყისი 19:00 საათზე.



კიდევ ერთი რეგიონული კონცერტი 9 ივლისს რუსთავში გაიმართება; ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში 19:00 საათზე, რუსთაველი მსმენელის წინაშე წარდგებიან ვაჟა მანია, ბოკა კვეკვესკირი, თიკა ჯამბურია, გვანცა ზაქარეიშვილი,  „GoofyLand" და რუსთავის ჯაზ-ბენდი.



აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.



პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.



პროექტის „Check in Georgia" განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner