logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: 18 თებერვალს არმაზ სანებლიძის დაბადების დღეა!
- +

18 თებერვალი. 2021. 13:41

 

 

არმაზ სანებლიძე - 84

*************************

ადრინდელია ეს გულწრფელი პუბლიკაცია. გავიმეორებ იმიტომ, რომ მაშინაც, მანამდეც, დღესაც იმავეს ვფიქრობ, იმავე გრძნობებით - სიყვარულით და პატივისცემით ვარ გამსჭვალული, ვიმედოვნებ, მის 100 წლამდე ასე გაგრძელდება. უკეთესად ვეღარც დავწერ.

****""

„18 თებერვალს არმაზ სანებლიძის დაბადების დღეა!

 

ახლა 84 წლის გახდა ბატონი არმაზი, ჩემი უფროსი კოლეგა და ნახევარსაუკუნეზე მეტი ხნის მეგობარი.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ჟურნალისტიკას ვერც კი წარმოიდგენ ამ გვარ-სახელის გარეშე.

 

დავანებოთ თავი, ცოტა ხნით, მისი, როგორც რეპორტიორის და პუბლიცისტის საქმიანობას და შეგახსენებთ იმ მედიაორგანოებს, რომლებსაც თავკაცობდა ბ. არმაზი: „მოლოდიოჟ გრუზიი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, საქართველოს ტელერადიოკომიტეტი, „საქართველოს რესპუბლიკა“... საამაყო სტრიქონებია მის ბიოგრაფიაში. და მიუხედავად ამ პოსტებისა, მას ერთი წუთითაც (დღემდე) არ შეუწყვეტია შემოქმედებითი საქმიანობა. მისი ნამოღვაწარი ბარე 30-ზე მეტ წიგნად არის თავმოყრილი.

 

რისკიანი კაცია სანებლიძე. თანაც, როცა საქმე პროფესიულ პრინციპებს ეხება, საკმაოდ ჯუტი. მიუხედავად აკრძალვისა (მისი ბოსი ვიყავი), მაინც მოახერხა და „გაშპა“ ავღანეთში, მონახა ქართველი მეომრები და იქედან ამაღელვებელი რეპორტაჟები ჩამოიტანა. თუმც კრინტი არ დაუძრავს იმ სახიფათო მომენტებზე, რაც თავს პირადად გადახდა. შემდეგ კი გავიგე, რომ ბედმა, იღბალმა  „გმირულ სიკვდილს“ გადაარჩინა...

 

ვიმეორებ, მიუხედავად მეგობრული აკრძალვისა, ასევე „თავი ამოჰყო“ ჩერნობილში, იქაც ჩააკითხა ქართველ ვაჟკაცებს და... მერე სისტემატურად ვაიძულებდი პროფილაქტიკის გავლას, რამეთუ ამ მივლინების დროსაც არ იყო გამორიცხული „აეკიდებინა“ რადიაცია...

 

ღვთით ბოძებული აქვს შემოქმედის ნიჭიერება. პოეტია. ფანტასტურად შრომისმოყვარე. დაუღალავი. სულით სპორტსმენი. ერთერთი პირველი კარატისტი. ამ ბოლო დროს ცოტა „წაიწუწუნა“, თორემ უამინდობის დროსაც კი ცურავდა ღია აუზში. ფანტასტურად ყურადღებიანია. არ ავიწყდება მეგობრის საზრუნავი, პრობლემა, სატკივარი... კარგი მამა, მეუღლე, სიმამრი, ბაბუა... რაც ჩამოვთვალე იმის ნახევარიც კი საკმარისია მისადმი პატივისცემის, მოწიწების, სიყვარულის და ერთგულებისთვის.

 

და როგორც ერთხელ (როცა „მეგობრებად“ ვითვლებოდით), გამოჩენილმა საბჭოთა  პოეტმა ჯ. ჩარკვიანმა გაგვაერთიანა ერთ ტერმინში - „ნუგზარმაზარი“ სიყვარულით ვულოცავ, მივესალმები ჩემს უახლოეს მეგობარს და დღეგრძელ სიცოცხლესთან ერთად ხელხვავიან შემოქმედებით ცხოვრებას ვუსურვებ.“

******

P.S.: ამ ბოლო წლებში  არაერთი უახლოესი  მეგობრის, მათ შორის უერთგულესი, უსაყვარლესი მეუღლის მოულოდნელი დაკარგვით, ბატონმა არმაზმა უმძიმესი დარტყმა და ტკივილი გადაიტანა. გაუძლო ვაჟკაცურად, როგორც მის შეუპოვარ ბუნებას ჩვევია.

 

გაშოროს ტკივილი და სევდა, არ მოგკლებოდეს სითბო, სიხარული და სიყვარული, ჯანის სიმრთელე და გონების სინათლე, ძმაო არმაზ! მაგრად სდექ!

 

და ბოლოს: ფეისბუქი არ აქვს და კომენტარის გარდა ვისაც პირადად, თქვენი „სირინოზის ხმით“ მილოცვის სურვილი გაგიჩნდეთ, გაწვდით  მობილური ტელ. ნომერს:

 

599 51 55 55. გაძლევთ პირობას, ვერც სახალხო დამცველი და ვინმე ოდიოზური ტიპი საპროტესტოდ კრინტსაც არ დაძრავს. მიზეზს ახსნა უნდა?

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner