გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალ „არტგ-გენის" ორგანიზატორებმა ფესტივალის მხარდამჭერებთან ერთად „არტ-გენის" თბილისის ტურის პროგრამა წარადგინეს. „Check in Georgia" პროექტის ფარგლებში პრესკონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის პირველი ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი, ასევე მხარდამჭერები ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, კომპანიების: „სავინოს" „ფარმადეპოს", „თიბისი ბანკის" და „ლიკანის" წარმომადგენლები.
როგორც ფესტივალ „არტ-გენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, „არტ-გენი 2016"-ის თბილისის ტური 10 ივლისიდან, ტრადიციულად გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწყება და 17 ივლისამდე გაგრძელდება. რვა დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, „შავფაროსნების" ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკის ჯგუფებისა და შემსურულებლების მონაწილეობით. წელს ფესტივალის მთავარი თემაა: „დავუბრუნდეთ სოფელს".
10 ივლისს თბილისის ტურის პირველი დღე „სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება. 19:00-22:00 საათამდე კი სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ანსამბლების ფოლკლორული კონცერტი გაიმართება. 11 ივლისს შიდა ქართლის და სვანეთის წარდგენის შემდეგ მაყურებელს ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი ელოდება; 12 ივლისს _ გურია,მცხეთა მთიანეთის და ანსამბლ „ჩვენებურების" კონცერტი.; 13 ივლისს _ ქვემო ქართლის, ასევე ლეჩხუმის ფოლკლორი და ჯგუფი „რეგიონის" კონცერტი. 14 ივლისს იმერეთის წარდგენის შემდეგ, ფესტივალის მეოთხე დღე რობი კუხიანიძის და „აუტსაიდერის" კონცერტით გაგრძელდება.. 15 ივლისს ფოლკლორული ნაწილი პანკისს და თუშეთს დაეთმობა. დღის ბოლოს კი ჯგუფ „ფრანის" კონცერტი გაიმართება. 16 ივლისს მაყურებელს ნინო ქათამაძის დ ინსაითის კონცერტი ელოდება. ფოლკლორულ ნაწილს აჭარის რეგიონი წარადგენს. 17 ივლისს. „არტ-გენი 2016"-ის ბოლო დღეს ფესტივალი ტრადიციულად ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი „33 ა"-ს კონცერტით დაიხურება.
„Check-in Georgia" პროექტის ფარგლებში ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. „არტ-გენის" მხარდამჭერები არიან: „ სავინო" , „თიბისი ბანკი" „ფარმადეპო", „ლიკანი".
წელს ფესტივალმა 28 მაისს ბოლნისიდან აიღო სტარტი. ბოლნისის შემდეგ „არტ-გენის" მორიგი რეგიონული ტურნე სურამში გაიმართა და ქობულეთში დაიხურა.
ფესტივალი „არტ-გენი" 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. სწორედ ამ ფესტივალის წყალობით გაიცნო საზოგადოებამ დღეს უკვე ცნობილი ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით „არტ-გენმა" განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში.