„მათი პარტიული პოზიციიდან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის შერჩევა სწორი გადაწყვეტილება იყო. მოკლევადიან ასპექტში მან გადაჭრა პრობლემა, რომ გახარიას წასვლა დამარცხებაა და აირჩია კანდიდატი, რომელიც ხისტი პოზიციითაა ცნობილი”, - განაცხადა სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, ბაკურ კვაშილავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.
“ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ღარიბაშვილის მხრიდან კომპრომისზე წასვლა არ იქნება აღქმული, როგორც სისუსტე. ღარიბაშვილის არჩევა ერთი მხრივ, ნდობას ქმნის „ოცნების“ ამომრჩეველში, რომ დაკარგული არაფერი არ არის, ჩვენ ისევ მაგრად ვართ და ასეთი მაგარი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კომპრომისზე წასვლა უფრო ნაკლებად იქნება აღქმული, როგორც სისუსტე.
მეორე მხრივ, თუ ვიტყვით იმას, რომ სხვა კანდიდატი უნდა ყოფილიყო, არ არსებობს კანდიდატი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არ დაიმსახურებდა კრიტიკის ქარ-ცეცხლს და შეფასებას, რომ ეს ცუდი არჩევანია. პოლარიზაციაზე და რადიკალიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მეორე მხარის ნებისმიერი გადაწყვეტილება ავტომატურად არის ცუდი იმ პარტიისთვის, რომელიც ბარიერის მეორე მხარესაა“, – განაცხადა კვაშილავამ.