პრემიერ-მინისტრი გახარია პოლიტიკურად უმძიმეს ფონზე გადადგა. ,,კვირამ“ კომენტარი სთხოვა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს.
- პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომა დაწევს პოლიტიკურ ტემპერატურას ოპოზიციაში?
- სჯობს, გახარია იყოს თანამდებობის გარეშე, ვიდრე „ნაციონალების“ მეგობარი გახარია – პრემიერ-მინისტრის სავარძელში.
- ფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის თამაში ითამაშა?
- ბოლო დროს დასამალი არავისთვის იყო გახარიასა და ოპოზიციის ალიანსი. ბაქრაძე-უგულავას წასვლა „ევროპული საქართველოდან“ და გახარია გადადგომა პრემიერ-მინისტრობიდან, სოსო გოგაშვილის სატელევიზიო „აღსარება“ სწორედ ამის მანიშნებელია. გაიხსენეთ 20 ივნისის ღამე. როდის გამოიყენა გახარიამ ტყვიები, რომლითაც დამიზნებით ესროდა მომიტინგეებს? მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, მიტინგი უკვე დაშლილი იყო. ვფიქრობ, გახარია მაშინაც ოპოზიციის თამაშს თამაშობდა და მისი მიზანი კობახიძის პოლიტიკური სარბიელიდან ჩამოშორება იყო.
- თანამდებობიდან წასული გახარია ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს?
- ამის ყველა ნიშანი არსებობს. „ახალ ძალაში“ მოიაზრებიან პარტია „ლელო“, გია ხუხაშვილი, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და „ევროპული საქართველოდან“ წასული წევრები, სოსო გოგაშვილი საკუთარი აგენტურული ქსელით, რომელიც კარგა ხანია – ჩანერგილი ჰყავს სხვადასხვა უწყებაში. „ახალი ძალა“ უახლოეს კვირებში წარმოაჩენს თავს.
- როგორ უნდა მოიქცეს მმართველი პარტია ამ სიტუაციაში?
- 2012 წლიდან ქართველი ხალხის ნება იყო, მოძალადე „ნაციონალური მოძრაობა“ სამუდამოდ ჩამოეშორებინა ხელისუფლებისთვის. ამდენი წლის მანძილზე ეს ვერ მოხერხდა. ან როგორ მოხდებოდა, როდესაც, დასავლეთის ზეწოლით თუ კიდევ სხვა მიზეზებით, ყველა სტრუქტურაში პირველი პირები სწორედ „ნაციონალები“ იყვნენ და ამ პოლიტიკური „ქსელის“ დარღვევა წარმოუდგენელი იყო. დღეს ნელ-ნელა ყველაფერი იშიფრება და თავის ადგილზე დგება.
- ოპოზიცია გადატრიალების სცენარს აანონსებს. როგორ განვითარდება მოვლენები?
- 27%-იანი პარტია გუშინ მთელი ღამე ეპატიჟებოდა მომხრეებს და 27 კაცი ვერ მიიყვანა ოფისში. გადატრიალების სცენარი სრულიად გამორიცხულია. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა წარადგინოს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება. დრამატული არაფერი მოხდება.