ავტორი მარიამ პაიჭაძე
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე „რეპორტიორთან" „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დიდგორზე პარტიული ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.
„ეს სამარცხვინო საკითხია, სრულიად დემორალიზებული, დანაშაულებრივი, კრიმინალური ხროვა, რომელიც ცდილობს რეაბილიტაციის განხორციელებას ისეთი მეთოდებით, რომელიც ნამდვილად სევდიანი სანახაობაა გვერდიდან", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც უნდა მოიხსნას საარჩევნო მარათონიდან და გაუუქმდეს რეგისტრაცია.
„ნაციონალური მოძრაობა" არ გახლავთ პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა არის დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც გამოიხატა მასობრივ გაუპატიურებებში, მასობრივ მკვლელობებში, რასაც არაერთი სასიქადულო ქართველი მამულიშვილი შეეწირა. მათ სიაში სულხან მოლაშვილი არის ჯერჯერობით ბოლო. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით, ჩვენს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და ჩვენს სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე და იმ ნორმებზე დაყრდნობით, რომელიც მათ შორის პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს გულისხმობს, სრული საფუძვლები არსებობს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მოიხსნას საარჩევნო მარათონიდან და გაუუქმდეს რეგისტრაცია, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში არიან ის პიროვნებები, რომლებსაც ბატონი სულხან მოლაშვილი ასახელებდა მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უშუალო მონაწილეებად და ორგანიზატორებად. თუნდაც ეს განცხადება, რომელიც უდავოდ უნდა დაედოს საფუძვლად სისხლის სამართლის წარმოებას და შემდგომში სისხლისსამართლებრივ დევნას ზემოთ მითითებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს წარმოადგენენ, საკმარისი საფუძველი იქნებოდა ამ პარტიიდან მათი გამოწვევისა და საერთოდ პარტიული რეგისტრაციის საკითხის დაყენებაზე", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.