„ერთი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“ - ბატონ ნუგზარ ფოფხაძის მიერ ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ამბავმა მეც გამახსენა მიხაკო ორაგველიძის კვიმატი ენა და იუმორი.
ა, კიდო!
ჩაშვება
1982 წლის დეკემბერში ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდები დაიჭირა. 28 რიცხვი იყო, სამსახურში მითხრეს, მერიაში (სოფელია გურიაში, მარტო ადმინისტრაციული ტერმინი არ გეგონოთ) უნდა წახვიდე, გადამღები ჯგუფი წაიყვანე და მიხეილ გორბაჩოვის ვიზიტი გააშუქეო. ვიფიქრე, მემასხრებიან-მეთქი. აბა, რა უნდოდა ახალ წლამდე ორი დღით ადრე გორბაჩოვს მერიაში? მერე გამახსენდა, რომ დავალების მომცემი დინჯი, სერიოზული რაჭველი იყო და „შეთქმულების“ ვერსია გამოვრიცხე. გადამღები ჯგუფი სწრაფად შევადგინე, მანქანა გამოვიწერე, ავიღეთ კინოფირები და ნაშუაღამევს, იმ ვარაუდით, რომ დილის 9 საათზე გურიაში ვიქნებოდით, გზას გავუდექით. ჩვენმა დაფეხვილმა „ვოლგამ“, რაც შეეძლო, თავი მოიქაჩლა და უთენია მიგვიყვანა მერიის სამხედრო აეროდრომთან. დათქმულ დროს, მე და ოპერატორი ბორის ბერუაშვილი საფრენ ბილიკთან, რესპუბლიკის ხელმძღვანელების სიახლოვეს ვიყავით. ცოტა ხანში, ცაში სამთავრობო ბორტი გამოჩნდა. რამდენიმე წუთიც და თვითმფრინავის ტრაპთან იმ დროის საბჭოთა ლიდერებისთვის დამახასიათებელი მტლაშა-მტლუში ატყდა. ცხადია, სსრკ-ს მომავალ პრეზიდენტს ყველგან განუყრელი რაისა მაქსიმოვნაც ახლდა. მოგეხსენებათ, საქართველო მაშინ ექსპერიმენტების პოლიგონი იყო და მიხეილ გორბაჩოვს, როგორც სკკპ ცენტრალური კომიტეტის დარგობრივ მდივანს, უნდოდა პირადად გაცნობოდა ფოთსა და აბაშაში მიმდინარე ეკონომიკური ექსპერიმენტების ავ-კარგს. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, ეს ყველაფერი შირმა იყო, სინამდვილეში, შევარდნაძე და გორბაჩოვი სამომავლო გეგმებზე სალაპარაკოდ შეხვდნენ ერთმანეთსო. ეს ამბავი დე ისტორიკოსებმა და პოლიტოლოგებმა არკვიონ. მე კი მინდა გიამბოთ ერთი პატარა ეპიზოდის შესახებ, რომლის მთავარი გმირიც სოფელ შრომის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ენაკვიმატობით განთქმული მიხაკო ორაგველიძე გახლდათ. საქმე ის არის, რომ შევარდნაძე ნაკლებად წყალობდა მჟავანაძის დროინდელ კადრებს. ბატონი მიხაკოც „იმ“ პლეადის კაცი იყო და, შესაბამისად, ნაკლებად სასურველი. მჟავანაძის გადადგომიდან ათი წლის შემდეგაც, ორაგველიძე ამაოდ ცდილობდა სასურველ კონდიციამდე მიეყვანა ედუარდ აბროსიევიჩთან ურთიერთობა, მაგრამ საქმე წინ ვერ წასწია. მოსკოველი ბოსები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ შრომის გმირებს და სწორედ ეს მომენტი გამოიყენა მიხაკო ორაგველიძემ შევარდნაძესთან „ანგარიშის გასასწორებლად“. მერიის აეროდრომიდან სტუმარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთში წაიყვანეს, ჩაის ახალი ჯიშის - „კოლხიდის“ საჩვენებლად. სპეციალისტებმა ამ ჰიბრიდის ყველა სიკეთე ჩამოუთვალეს საბჭოეთის სოფლის მეურნეობის კურატორს და ის იყო, ანასეულში უნდა წასულიყვნენ, რომ მიხაკო ორაგველიძემ ლაბადის კალთა ჯიბეში ჩაყოფილი ხელით გადაწია და ჯინჯილები გამოაჩინა. სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავის ქვემოთ ხუთი ცალი ლენინის ორდენი კიაფობდა ამ კოლორიტული პიროვნების მკერდზე. გორბაჩოვი გაოცებული დააშტერდა ამდენ უმაღლეს ჯილდოს და, ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა, რომ მიხაკომ დაასწრო, აი, არცერთი არ მიმიღია ამის ხელშიო, თან თავი შევარდნაძისკენ გადაიქნია. ატყდა სიცილი. მარტო გორბაჩოვების წყვილი იდგა გაკვირვებული. რა ხდება, რა თქვა ამ პატივცემულმა ადამიანმაო, იკითხა მიხეილ სერგეევიჩმა. უმალ უთარგმნეს, თანაც დედანთან მიახლოებული აქცენტით. ახარხარდა მომავალი გენსეკი, ნათქვამიც მოეწონა და იმასაც კარგად მიხვდა, ვის ბოსტანში ისროდა კენჭებს ეს დროული კაცი. ცხადია, შევარდნაძეს, რომელიც იუმორის კარგი აღქმით გამოირჩეოდა, მიხაკოსგან „ყბის მოქცევა“ არ ეპიტნავა. სამი წლის შემდეგ, შევარდნაძე კიდევ ერთხელ გახდა მიხაკო ორაგველიძის ენაკვიმატობის ობიექტი. როდესაც ბატონი ედუარდი მოსკოვში, სსრკ საგარეო მინისტრად გადაიყვანეს და პლენუმმა ჯუმბერ პატიაშვილი დაამტკიცა ცეკას პირველ მდივნად, ვითომ ძალიან შეწუხებულმა განუცხადა, შენი წასვლა ამ ბაღანეს დანიშვნამ გადამატანინაო. ალბათ, ბევრი ვერ გაუბედავდა ამ ვითომ უნებლიე ბწკენას ედუარდ შევარდნაძეს, მაგრამ მიხაკო ორაგველიძეს, კაცს, რომელსაც საკუთარი შრომით, გამჭრიახობითა და უებრო ორგანიზატორული ნიჭით ჰქონდა მოპოვებული აღიარება, არავისი და არაფრის ეშინოდა.