„სახელმწიფოსა და კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. ეს ვერ მოხდება ვერც პოლიტიკური მსწამსის და ვერც სტატუსიდან გამომდინარე“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას.
მისივე განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადამიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, კანონის წინაშე საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია.
„ჩვენ კარგად ვიცით მოვლენათა განვითარების ჯაჭვი და ამის შესახებ იცის ყველა ჩვენმა მეგობარმაც. ოპოზიცია, თავისი ქმედებით, ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას. თუ ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში, რეგიონში ვიყოთ წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფო და სხვას მივცეთ ამის მაგალითი, სასამართლოს გადაწყვეტილებასა და კანონს ყველამ უნდა სცეს პატივი“ - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მან აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემთხვევაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამერიკასა და საქართველოში, პარლამენტთან განვითარებული მოვლენები, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან.
„ორივე შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ ცინიკური, ძალადობრივი, თავხედური მოქმედება. ამ დროს, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ვალდებულია, იმოქმედოს კანონის ზუსტი მოთხოვნების ფარგლებში“ - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
17 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.