logo_geo
eng_logo
იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციის მცდელობისგან
- +

19 თებერვალი. 2021. 18:21

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

 

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმაურება სასამართლო სისტემისა და მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ, დაუსაბუთებელ და ცრუ ბრალდებებს, რომელიც უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისის ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

 

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

„ამ დღეებში სასამართლოსა და საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს და ცრუ ბრალდებებსა და პირად შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

 

გვსურს საზოგადებას განვუმარტოთ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს პირობები. მისთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი შედეგები, რაც ახლავს გირაოს პირობების დარღვევას. მან გაცნობიერებულად და მიზანმიმართულად აარიდა თავი კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რის თაობაზეც არაერთხელ საჯაროდ განაცხადა.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გირაოს პირობების მიზანმიმართულად/გაცნობიერებულად დარღვევა და კანონის მოთხოვნების აშკარა უგულებელყოფა ერთმნიშვნელოვნად არის აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლის საფუძველი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდებულის მიერ გირაოს პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ სასამართლოს პოლიტიზირებისა და დისკრედიტაციის მცდელობისგან. სასამართლო არ დაუშვებს შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებას და გარკვეული ჯგუფების დაუსაბუთებელი ბრალდებების თავიდან აცილების მიზნით კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

17 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner