„არის ძალიან ბევრი ფორმატი შეხვედრებისა და მოლაპარაკებისთვის, თუმცა ცხადია სხვა ფორმატიც შეიძლება, უნდა გამოვიყენოთ ყველა კარი, რომელიც სადმეა მოლაპარაკებისთვის ჩაკეტილი“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატზე საუბრისას განაცხადა.
„მსჯელობა უნდა იყოს ეფექტური, არ უნდა იყოს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ტყუილებით არ უნდა იყოს გაჯერებული. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეურაცხყოფით არ უნდა იყოს გაჟღენთილი. ამ შეხვედრიდან გამოსული ზოგიერთი პოლიტიკოსი კარგად ვიცით რა განცხადებებსაც აკეთებდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამასთან, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რეალურად მოლაპარაკებები შედგება თუ არა ნიკანორ მელიასთან მიმართებით, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. „გადაწყვეტილების აღსრულება და მოლაპარაკების გაგრძელება ორი სხვადასხვა თემაა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რა სჭირდება ქვეყანას.
„ჩვენი აზრი და იდეა, რა თქმა უნდა, არაა ჰაერიდან მოტაცებული. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ქართულ დემოკრატიასა და რა არის საჭირო ქვეყნის წინსვლისთვის. სწორედ ამიტომ მოგვცა ელექტორატის უმრავლესობამ ხმა „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ამიტომაა უმრავლესობით წარმოდგენილი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.