logo_geo
eng_logo
გაგა მკურნალიძე იანვრის შემდეგ პატიმრობაში აღარ იმყოფება
- +

8 ივლისი. 2016. 21:21



სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, წამების რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული გაგა მკურნალიძე პატიმრობიდან გათავისუფლებულია.


როგორც პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დღეს განაცხადა, 2012 წლის არჩევნებამდე გავრცელებულ გლდანის ციხის კარანტინის დაშლის კადრებთან დაკავშირებით, წამების მუხლით მკურნალიძემ 3 წლით და 4 თვით პატიმრობა მოიხადა და 2016 წლის იანვარში გათავისუფლდა.


პროკურორის თქმით, მკურნალიძეს ბრალი წამების სხვა ეპიზოდზეც ედებოდა, კერძოდ 2011 წლის 11 აპრილს გლდანის ციხეში 21 წლის პატიმრის, ელდარ ქობალიას წამებაში, რომელიც წამებიდან 2-3 საათში გარდაიცვალა.


პროკურორის განმარტებით, ვინაიდან მკურნალიძეს მძიმე მუხლი ჰქონდა წარდგენილი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს 2-ჯერ მიმართეს.


პირველ შემთხვევაში მოსამართლემ მათი შუამდგომლობა იმ მიზეზით არ დააკმაყოფილა, რომ მკურნალიძე კარანტინის საქმეზე პატიმრობაში იმყოფებოდა. მეორედ კი, პროკურორის თქმით, სასამართლოს მკურნალიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მიმართეს. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა არც ამ შემთხვევააში  დაკმაყოფილდა და მოსამართლე გიორგი დარახველიძემ მკურნალიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა",- აღნიშნა პროკურორმა  ლაშა კოტრიკაძემ.


დღეს მკურნალიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში ელდარ ქობალიას წამების ეპიზოდზე გაიმართა, სადაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ნათია ჯვარიძე დაიკითხა.


მისი განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ელდარ ქობალიას ცხედარს ექსპერტიზა 12 აპრილს ჩაუტარა. ცხედარს მთელს სხეულზე დაზიანებები  - ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, რაც მკვრივი ბლაგვი საგნით იყო მიყენებული.


ექსპერტის განცხადებით, 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი მწვავე იშემია გახდა.



პროკურორის განცხადებით, პირდაპირ ვერ ადასტურებენ , რომ გარდაცვალება წამებამ გამოიწვია, თუმცა სიკვდილი წამებიდან 2-3 საათში დადგა.


ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, გაგა მკურნალიძის მიერ ელდარ ქობალიას წამებას პატიმრები ყოლბაია და მატკავა ადასტურებენ, ასევე გლდანის ციხის თანამშრომლები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და დეტალური სატელეფონო ამონაწერები.


ამავე საქმეზე წამების მუხლით ბრალდებულია გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა. მათზე ძებნაა გამოცხადებული.


პროცესის შემდეგ გაგა მკურნალიძემ კომენტარი არ გააკეთა. მისმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ველიჯანაშვილმა მოწმეს შეკითხვა დაუსვა ქობალია დაზიანებებს საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღებდა თუ არა. ადვოკატმა მოწმეს ისიც კითხა გარდაცვალებას მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის ნერვიულობა გამოიწვევდა თუ არა, რაზეც მოწმემ პასუხი ვერ გასცა.


პროცესი 31 აგვისტოს განახლდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner