ქალაქ მარნეულში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. სახლში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი სულ რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობდა.
ისინი ახლობლის ბინაში დროებით ცხოვრობდნენ.
ოჯახის სამი წევრის გარდაცვალების მიზეზად სავარაუდოდ გაზის გაჟონვა სახელდება. თუმცა ამ ვერსიას ბინის მეპატრონე არ ადასტურებს. .ის ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ბინაში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის.
„ჩემს ბინაში ისინი დროებით ცხოვრობდნენ, ბინაში გაზი შეყვანილი არ არის. გარდაცვლილი 23 წლის მამაკაცია, მისი მეუღლე, ქუთაისელი ქალი21 წლის იყო, ბავშვი კი, დაახლოებით წლინახევრის. სამივე გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს, გაზით გარდაცვალება გამორიცხულია, რადგან ამ სახლში შეყვანილი არ არის, ელექტრო გამათბობელით თბებოდნენ.” – აცხადებს ბინის მეპტრონე.
სამივე გარდაცვლილის ცხედარი რუსთავის პროზექტურაშია გადასვენებული, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მათი გარდაცვალების მიზეზი ცნობილი გახდება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.