საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროს ნაწილი წარადგინა. მან ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენი ქვეყანა მუდმივად განიცდის ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით წნეხს, ასევე გრძელდება ოკუპაცია და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია ცივი ომის შემდგომ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის სურვილზე, შეიცავს უსაფრთხოების რისკებს საქართველოსთვის და მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. არსებული გარემოსა და გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ღირებულებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ჩვენი მოქალაქეებისათვის კეთილდღეობის შესაქმნელად, საქართველო ვალდებულია, განაგრძოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ურყევ არჩევანს“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითადი მიზნების, ეფექტური შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებად დასახულია ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიზნით ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერება და სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა. ასევე, მან თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანად საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში არსებული უპრეცედენტოდ მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება დაასახელა.