logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრი საქართველოში მოიწვია
- +

8 ივლისი. 2016. 23:05


გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრი შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია


საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, NATO -ს სამიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს პრემიერმინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.


საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კულტურული ურთიერთობებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებას. 


აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესპარტნიორობის გაძლიერება, საქართველოს სხვადასხვა სექტორში ბელგიური ინვესტიციების გაძლიერების გზით.


საუბარი ასევე შეეხო, ბელგიის სამეფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის მნიშვნელობას საქართველოში.

გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისა და "იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ" გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.


საქართველოს პრეზიდენტმა და ბელგიის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას ევროკავშირის გამოწვევებზეც იმსჯელეს. განიხილეს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები და აღინიშნა, რომ ევროკავშირში  არსებული გამოწვევები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.


საქართველოს დელეგაციამ იმედი გამოთქვა, რომ  საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება.


აღინიშნა, რომ  საქართველო კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ ძალისხმევას, საერთო მიზნის მისაღწევად ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ივლისის დასაწყისში შევიდა ძალაში და საქართველომ ოფიციალურად დაიწყო მისი განხორციელება.


საუბარი შეეხო ასევე, ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას, გიორგი მარგველაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner