„გაგა მკურნალიძისთვის შეფარდებული სასჯელი, რა თქმა უნდა, შეუსაბამო იყო," - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
"ელდარ ქობალიას საქმე თავისი შინაარსითა და ფატალური შედეგით ერთ-ერთი უმძიმესი საქმე იყო, რადგან იმ საშინელმა, ძალადობრივმა სისტემამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საერთაშორისო სტანდარტით მიიჩნევა, რომ ასეთ დანაშაულზე ლიბერალური მიდგომა არ დაიშვება და მკაცრი მიდგომა უნდა იყოს.
ჩემი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მოსამართლე დარახველიძემ მიიღო. ყოველგვარი განსჯის გარეშე ვიტყვი, რომ ეს ის მოსამართლეა, რომელმაც თავის დროზე, მათ შორის, ახალაიას საქმეზე გამამართლებელი განაჩენები გამოიტანა. თუ არ ვცდები, ეს ის მოსამართლეა, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჰქონდა მაშინ, როცა წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებს ვასაჩივრებდით. არ ვიცი, ეს შემთხვევით მოხდა თუ არა, მაგრამ შემდეგ, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს და რამდენიმე გახმაურებული საქმე ამ მოსამართლესთან მოხვდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.