ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ცალკე წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ევროკავშირში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირი სასანქციო სიაში შემდეგ პირებს შეიყვანს: რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი.
სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში ერთი წლის განმავლობაში შესვლა და ევროკავშირის ბანკებში ფულის ქონა აეკრძალებათ.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
17 თებერვალს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა.