logo_geo
eng_logo
დავით საგანელიძე: მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდები წავახალისოთ!
- +

9 ივლისი. 2016. 01:10



 საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა "სტარტაპ საქართველო" იწყება. პროგრამას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას დღეს, ტექნოლოგიურ პარკში წარუდგენს. პრეზენტაციას ასევე დაესწრებიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური გუნდის მინისტრები, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე.


პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი, შესაძლოა, 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, დაიწყება მრავალი ახალი ბიზნესი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. პროგრამის მონაწილე კი შეიძლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი გახდეს, ვისაც სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნესწინადადება აქვს, განხორციელებისთვის კი საწყისი დაფინანსება სჭირდება.


განაცხადების მიღება 2016 წლის 17 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე მოემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსდება პროგრამის ფრონტ-ოფისი და დაინტერესებული პირები პროგრამის შესახებ ერთი ფანჯრის პრინციპით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.


პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

თემაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე "ვერსიას" ესაუბრა:

 

 "სტარტაპ საქართველო" ძალიან მნიშვნელოვანი და დროული პროექტია. ეს არის ის, რაზეც სერიოზული მოთხოვნა და დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში. მარტივად გეტყვით - მოსახლეობის ნაწილს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მართლაც შესანიშნავი, ინოვაციური იდეები აქვთ ბიზნესის დასაწყებად, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ თემებთან დაკავშირებით ან ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, ოღონდ ფინანსების არარსებობის გამო ამგვარ პროექტებს ვერ ახორციელებენ. კომერციულ ბანკებში, სტარტაპებს უარით ისტუმრებენ და ამაში არც ვამტყუნებ.

 

სტარტაპების დაფინანსება ბანკებისთვის მაღალი რისკის შემცველია და როგორც წესი, თავს არიდებენ.  მეორე მხრივ, ბანკებს დაკრედიტების საშუალება რომც ჰქონდეთ, გარკვეულ გირავნობას მოითხოვენ. ახალგაზრდა, რომელიც ბანკს მიმართავს, იძულებული ხდება, გირაოში მშობლების სახლი ან ბებია­ ბაბუას ქონება ჩადოს, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს, საქართველოს სჭირდება ახალი იდეები, ინოვაციური პროექტები, ახალი ტექნოლოგიები და ამ მიმართულებით მოსახლეობის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების სტიმულირება აუცილებელია. საბოლოოდ, ამგვარი იდეების განუხორციელებლობა ნიჰილიზმს იწვევს, რადგან საკუთარ ქვეყანაში უარი უთხრეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩენენ, რომ იგივე იდეა ვიღაცამ უცხოეთში განახორციელა. სწორედ ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რის გამოც პრემიერ­მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულების პროექტები დაგვეფინანსებინა. ქვეყნის სწრაფი განვითარების ოთხპუნქტიანი კონცეფციის ერთ­ერთი პუნქტი სტარტაპებს ეხება. როგორც იცით, პროექტს საპარტნიორო ფონდი და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ამისთვის 11 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან 10 მილიონ ლარს საპარტნიორო ფონდი, ხოლო 1 მილიონს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო გამოყოფს.

 

რაც შეეხება უშუალოდ პროექტების შერჩევის პროცესს, 17 ივნისიდან განაცხადების მიღება დავიწყეთ, რაც 1 აგვისტომდე გასტანს. ესაა პროექტის პირველი ტალღა 1 აგვისტომდე შემოსულ ყველა ბიზნესპროექტს შევისწავლით, განვიხილავთ, ხოლო გამარჯვებულებს  პირველ სექტემბრამდე გამოვაცხადებთ და შესაბამისად, ისინი სექტემბერში დაფინანსდება. ბიზნესპროექტებს, რომლებსაც 1 აგვისტოს შემდეგ შემოიტანენ, მეორე ტალღის ფარგლებში შევარჩევთ, განვიხილავთ და გამარჯვებულებს მოგვიანებით გამოვაცხადებთ, რაც ნიშნავს, რომ „სტარტაპ საქართველო" ერთჯერადი არ არის, უბრალოდ, განაცხადებს ეტაპობრივად მივიღებთ. ვინც საკუთარ ბიზნესპროექტს 1 აგვისტომდე ვერ შემოიტანს, გული არ უნდა დასწყდეს, რადგან ამით არაფერი მთავრდება. საპარტნიორო ფონდმა უკვე დააფუძნა შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო", რომელსაც ვაჟა მენაბდე ხელმძღვანელობს. კომპანიას უკვე საკუთარი გუნდი ჰყავს და საინვესტიციო კომიტეტიც ეყოლება, დაინტერესებულმა პირებმა კი საკუთარი ბიზნესპროექტები სწორედ იქ უნდა წარადგინონ, პროექტებს კი საინვესტიციო კომიტეტი შეისწავლის და გამარჯვებულებსაც ის გამოავლენს. არავითარი ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.

 

ვფიქრობთ, ამ პროექტში უფრო მეტად ახალგაზრდობა ჩაერთვება, მაგრამ თუ შედარებით ასაკოვანმა ადამიანმა შემოიტანა პროექტი, ცხადია, არც მას შევზღუდავთ. თუმცა გიმეორებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდები წავახალისოთ", - განაცხადა საგანელიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner