logo_geo
eng_logo
ლელა რაზიკაშვილი ჟურნალისტებს ჩარგალში, აქციაზე: „მედია კითხულობს ვაჟას“ ეპატიჟება
- +

9 ივლისი. 2016. 01:34



ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, ლელა (ნუნუ) რაზიკაშვილი ქართულ მედიას სთავაზობს, რომ 14 ივლისს, დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს, გამოცხადდეს „ვაჟას დღე ქართულ მედიაში!" ამავე დღეს, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება ამისი საშუალება და სურვილი, საქველმოქმედო ფონდი ვაჟას მშობლიურ სოფელში, ჩარგალში, აქციაზე: ,,მედია კითხულობს ვაჟას" ეპატიჟება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლელა რაზიკაშვილმა „კვირას" პრესკლუბში განაცხადა.



წელს ვაჟა-ფშაველას საიუბილეო წელია. შესრულდა 155 წელი მისი დაბადებიდან. შექმნილია სახელმწიფო საიუბილეო კომისია და დაგეგმილია მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, მათ შორის, საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციები. ინიციატივა, რომელსაც ვაჟა-ფშაველას ფონდი, ვაჟას 155 დაბადების დღისთვის სთავაზობს ქართულ მედიას, სრულიად განსხვავებულია სხვა საიუბილეო აქტივობებისგან. ასეთი ფორმით დიდი პოეტის იუბილე წელს პირველად აღინიშნება", - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.


მისი თქმით, 14 ივლისს, ყველა ჟურნალისტს, ვისაც ექნება ამისი საშუალება და სურვილი, ექნება შესაძლებლობა, ეწვიოს ჩარგალს, აქციაზე: ,,მედია კითხულობს ვაჟას."


მედიაში ვაჟას დღის ფორმატში, საინფორმაციო საშუალებებს ვთავაზობთ, მთელი დღის განმავლობაში, პოლიტიკურ, სოციალურ კულტურულ და . . თემებზე სიუჟეტებისა და მასალების მომზადებისას, გამოიყენონ ვაჟას ციტატები, სტროფები ლექსებიდან, ფრაზები და . . საინფორმაციო დღის დასაწყისში, დილის გამოშვებებში საინტერესო და სახალისო იქნება, თუ წამყვანები საინფორმაციო გამოშვებას გახსნიან ვაჟას მაისურებით. ეს დეტალი შექმნის პოზიტიურ განწყობას და მუხტს საზოგადოებაში. მაისურების მიწოდებას უზრუნველყოფს ვაჟას ფონდი, შესაძლებელია ისიც, რომ მედიასაშუალებამ თავად დაბეჭდოს მაისური, თან დაამატოს საკუთარი ლოგოც! აქციის მეორე ეტაპი დაგეგმილია ჩარგალში. პროგრამის მიხედვით, დღის მეორე ნახევარში, სახლ-მუზეუმში მოვიწვევთ ყველა თაობის ჟურნალისტს, ტელევიზიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს. მხატვრული პროგრამის თანხლებით, მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან პოეტის შემოქმედების ცოდნაში. იქვე, სახელდახელოდ შექმნილ ჟიურისთან ერთად, გამოვავლენთ მათ, ვინც უკეთ წაიკითხავს ვაჟას ლექსებს, ვინც უკეთ იცნობს მწერლის პუბლიცისტურ ნამუშევრებს და მის ბიოგრაფიას! გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით. გაიმართება დოღი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის.

შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, მოწვეული მწერლებისა და პოეტის ბიოგრაფებისგან მოისმინონ დღემდე უცნობი და საინტერესო ისტორიები ვაჟასა და მისი ნიჭიერი ოჯახის ცხოვრებისეულ დეტალებზე. მედიასაშუალებებს წინასწარ ვთავაზობთ რამდენიმე თემას, რომელთა გაჟღერება შესაძლებელია სიუჟეტებსა და პუბლიკაციებში. ესენია: 1) ვაჟა და ჰუმანური მსოფლიო. 2) ვაჟას საქართველო და ევროპა, ღირებულებათა ერთიანი სივრცე. 3) ვაჟას პოსტულატები ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში", - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.



აღნიშნული თემების მიხედვით მომზადებული მასალებიდან, ფონდის პარტნიორი კომპანიები, კონკრეტულად, ფარმაცევტული კომპანია „PSP", კომპანია ,,რაკია ჯორჯია" და ,,ჯორჯიანმანგანეზი" გამოავლენენ თავიანთ რჩეულს და დააჯილდოვებენ სამახსოვრო პრიზებით. ღონისძიებას ვაჟას ფონდთან ერთად, უმასპინძლებს ფოლკ-ჯგუფი ,,დები ნაყეურები". ღონისძიების დასასრულს სტუმრები დააგემოვნებენ ტრადიციულ ფშაურ სამზარეულოს.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner