„ჩემი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილისგან ესკალაციისთვის მზადება ძალიან მაღალი იყო, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამიტომ არჩევანი გაკეთდა სამართლებრივ გადაწყვეტილებაზე“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები სამი ნაწილისგან შედგებოდა და მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი სამართლებრივ ნაწილზე გაკეთდეს.
„ის მოვლენები, რაც ბოლო დროს ვითარდებოდა და რაც დღეს დილით განვითარდა, პირობითად სამი ნაწილისგან შედგება, ესაა: სამართლებრივი, პოლიტიკური და საინფორმაციო. ჩემი აზრით, ბოლო ორ ფაქტორი ჭარბადაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ და სასამართლომ მაქსიმალურად სწრაფად, ფაქტობრივად შეუძლებლად მოკლე დროში აქცენტირება გააკეთოს სამართლებრივზე და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ დანარჩენი ორი პუნქტი, პოლიტიკური და საინფორმაციო, შემცირდეს და აქცენტი სამართლებრივ ნაწილზე გაკეთდეს, რაც არ უნდა პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს ამას“,- აღნიშნა სერგეენკომ.
ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.