„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გააკეთა.
- ნიკა მელიას დაკავებამ ოპოზიციურ რიგებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
- საინტერესო ხალხთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, ნიკა მელიასა და, ზოგადად, ოპოზიციას. კანონის აღსარულება ძალადობაა და ანტიკონსტიტუციური მოქმედება ძალადობა არ არისო, სასამართლოსა და პოლიციის დაუმორჩილებლობა სრულიადაც არ არის უკანონობაო, უცხადებენ საზოგადოებას. კანონის აღსრულება ამათთვის ძალადობის გამოვლინებაა. ასეთ ამოტრიალებულ სარკეს სთავაზობენ საზოგადოებას, ასეთია ზოგადად ოპოზიციის დამოკიდებულება სამართლისა და კანონისადმი და ეს ძალიან საშიში, დამანგრეველიც კია ქვეყნისთვის. ოპოზიციის აზროვნების სტილი კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე – მათი ქმედებები. მთელი ცხოვრება ოპოზიციაში ვიყავი, კომუნისტების დროსაც კი. ვინმეს თუ ახსოვს, ოპოზიცია პოლიციას შეხებოდეს და ფიზიკურად დაპირისპირებოდეს?
- შუადღისას ოპოზიციის მომხრეები კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და იქ გამოხატავენ თავიანთ პროტესტს.
- რომელ პროტესტს? 5 კაცს ვეღარ კრებენ, რა აქციის გამმართველები არიან? რატომ გადადეს დაანონსებული ,,ფართომასშტაბიანი“ დემონსტრაცია 25 თებერვალს? მხარდამჭერები აღარ ჰყავთ და იმიტომ. მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხი ჯერ ისე არ გამოთაყვანებულა, ერთ მუჭა კრიმინალებს დაუჭიროს მხარი. კანონი არსებობს იმიტომ, რომ თუ დაარვევ, პასუხიც უნდა აგო.
ია დანელია