logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: საჩუქარს უმზადებდა სააკაშვილის რუსული პარტია რუსეთს, მისი შემოჭრის 100 წლის თავზე!
- +

23 თებერვალი. 2021. 16:27

 

23 თებერვლის ლოგიკა და სიმბოლიკა, ანუ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისა და არგადასარჩენი რუსული პარტიის ამბავი:

 

შესავლის მაგიერ: ნაწერი გამოვიდა ცოტაოდენ გრძლად, თუმცა, დაუზარელი კაცი მაინც წაიკითხავს.

 

ძალიანაც სიმბოლურია, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საპოლიციო ძალები სწორედ საქართველოს გასაბჭოების წლის თავზე შევიდნენ ყველაზე მსხვილი და მძლავრი პრორუსული პარტიის ოფისში.

 

იმ პარტიის ოფისში, რომლის ერთპიროვნული გურუ და ბელადი საბჭოთა ,,კაგებეს" ჯარის ეფრეიტორია, ხოლო მისი ბიძა - საბჭოთა ,,კაგებეს" პოლკოვნიკი;

 

 იმ პარტიის ოფისში, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინათ თავმჯდომარეობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილების სტაჟიანი თანამშრომელი, ანუ „კაგებეს“ ნომენკლატურის წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე;

 

იმ პარტიის ოფისში, რომელსაც აღმასრულებელ მდივნად და ხაზინადარად ჰყავს რუსი ბიზნესმენი, პუტინის უახლოესი მეგობრის სერგეი გენერალოვის ბიზნესპარტნიორი კობა ნაყოფია;

 

იმ პარტიის ოფისში, რომელმაც საქართველოს სტრატეგიული ობიექტების 90 პროცენტი მიჰყიდა რუსეთს;

 

იმ პარტიის ოფისში, რომელმაც ახალგორის რაიონი ჯერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შეიყვანა და მერე წინააღმდეგობის გარეშე გადასცა რუსეთს;

 

იმ პარტიის ოფისში, რომელმაც კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და მერე ტყვიის გაუსროლელად ჩააბარა რუსეთს;

 

იმ პარტიის ოფისში, რომელმაც ხელი მოაწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დამწყებად საქართველო იყო დასახელებული;

 

აი, ამ „პრო“ კი არა, პირდაპირ რუსული პარტიის ოფისში შევიდა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიცია 2021 წლის 23 თებერვალს, რაც ნიშნავს იმას, რომ 100 წლის წინათ, 1921 წლის 23 თებერვალს, ქართველი იუნკერების სისხლი ცუდუბრალოდ არ დაღვრილა.

 

რა უნდოდა რუსულ ურდოს, რომელმაც 100 წლის წინათ დაგვიპყრო?

 

უნდოდა, არ არსებულიყო დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც ექნებოდა სახელმწიფო!

 

რა უნდოდათ რუსულ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თავმჯდომარე მელიას, როცა ქართულ სახელმწიფოს, მის კონსტიტუციასა და მართლმსაჯულებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და კუკუდამალობანა დაუწყეს - აბა, ქართულო სახელმწიფოვ, თუ საერთოდ არსებობ, თუ რამის თავი გაქვს, მოდი და დამიჭირეო?

 

რა თქმა უნდა, მათ უნდოდათ მთელი მსოფლიოსათვის და, უწინარესად, რუსეთისათვის ეჩვენებინათ, რომ ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს; რომ იმ ლანდს, რაც ქართული სახელმწიფოსაგან დარჩა, სასამართლოს განაჩენის აღსრულება და ოფისში შემალული ერთი ბრალდებულის დაკავებაც კი არ შეუძლია!

 

ვისი სურვილი და ინტერესია ასეთი დაძაბუნებული და წაშლილი, ღირსებადაკარგული ქართული სახელმწიფო? რა თქმა უნდა რუსეთის და იმის აქაური ადეპტების!

 

რუსული ოკუპაციის 100 წლის თავზე რუსეთისათვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს სუიციდი, უკეთ რომ ვთქვათ, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს თვითმკვლელობამდე მიყვანა ნაცმოძრაობის ხელით.

 

სწორედ ამ საჩუქარს უმზადებდა სააკაშვილის რუსული პარტია რუსეთს მისი შემოჭრის 100 წლის თავზე.

 

კიდევ კარგი, ქართულმა სახელმწიფომ ეს არ დაუშვა; კიდევ კარგი, რუსეთსა და მის აქაურ მეხუთე კოლონას - ხუთნომრიან „ნაცმოძრაობას“ არ მისცა საშუალება, თვითმკვლელობამდე მიეყვანათ იგი;

 

და სიმბოლურია, რომ ეს მოხდა 23 თებერვალს - რუსეთის საოკუპაციო ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი იუნკერების ხსოვნის დღეს!

 

მათ სულებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან ჰგიებს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, არა ძლიერი, არა ფრთაგაშლილი, არა საოცნებო, მაგრამ მაინც ცოცხალი და იმედით შემყურე მერმინდელი დღეებისა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner