logo_geo
eng_logo
NATO რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს
- +

9 ივლისი. 2016. 10:42


NATO რუსეთს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვისადმი მორიგი მოწოდებით NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში გამოდის, რომელიც ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართული კომისიის სხდომაზე მიიღეს.


„მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი მიესალმებიან საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთს, გადადგას შემხვედრი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. მოკავშირეები არ ცნობენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებს. აღნიშნული დოკუმენტები მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეუთო-ს პრინციპებს და რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოკავშირეები დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას. მოკავშირეები მიესალმებიან გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლებას. მოკავშირეები მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, გადადგან კონსტრუქციული ნაბიჯები და, ასევე, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა გაერო-სთან, ეუთო-სა და ევროკავშირთან, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით", - ნათქვამია დეკლარაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner