„ის, რომ გავრილოვი საქართველოში ჩამოდიოდა, ყველამ იცოდა, ეს იცოდა ელენე ხოშტარიამაც, რომელიც გავრილოვის სამჭედლოში სწავლობდა“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„რა მნიშვნელობა აქვს რომელ სკამზე ჯდება გავრილოვი? ქართული პარლამენტის დარბაზში რომ ჯდება, ის სკამი რითია განსხვავებული?“ - დასძინა ხაინდრავამ.
მისი თქმით, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომიდან რამდენიმე წამში, დარბაზში გაჩნდა ელენე ხოშტარიაც, რაც, მისი აზრით, ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.
„ორ წამში შემოვიდა ხოშტარია პარლამენტში. აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები მიჩნდება იმის შესახებ, თუ ვინ ჩამოიყვანა ეს გავრილოვი.
ეს ყველაფერი არის დადგმა. თავის დროზე, როცა მოლაპარაკებების მაგიდასთან დავჯექი, მინისტრის რანგში, ვთქვი, რომ დიპლომატია არ მესმოდა და მადლობელი ვიქნებოდი, თუ დამეხმარებოდნენ და ვთხოვე, დადგმებს ნუ მოინდომებდნენ, რადგან დამდგმელი რეჟისორი მე ვარ. ესაა დადგმა.
ქვეყანაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინაში, დესტაბილიზაცია სჭირდება. ესაა რუსეთი. ეს დესტაბილიზაცია იბადება რუსეთში და მისი გამტარია მიხაილ ვლადიმერის ძე სააკაშვილი“, - განაცხადა ხაინდრავამ.