„ჩვენ ველოდით მწვავე შეფასებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე არ მგონია, კინზინგერი ფიქრობდეს, რომ თუკი აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოზე შტურმს მიიტან, ეს ცუდია, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტზე შტურმს თუ მიიტან, ეს კარგია“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„კრიტიკულ გამოხმაურებებს ველოდით, რადგან სწორედ ამას ვიხსენებდი, რვა წელი მე პირადად ამის მეტი არაფერი მინახავს.
დღეს აღარ ვარ მინისტრი და შემიძლია, ხმამაღლა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მუდმივად ჩვენ ვიყავით ზეწოლის ქვეშ, არ დააკავოთ ბაჩო ახალაია, არ დააკავოთ ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, თურმე არ შეიძლება მას მართლმსაჯულებამ კითხვები დაუსვას. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი.
შესაბამისად, გვაქვს ეს გამოცდილება. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ველოდით მწვავე შეფასებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, კინზინგერი ფიქრობდეს, რომ თუკი აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოზე შტურმს მიიტან ეს ცუდია, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტზე შტურმს თუ მიიტან, ეს კარგია. არ ვფიქრობ, რომ ის ასე შეიძლება ფიქრობდეს.
ამას არც კი ვუშვებ, შესაბამისად, გაერკვევა საერთაშორისო თანამეგობრობა იმაში, რაში გარკვევაც ძალიან მარტივია. სახეზე გვაქვს პარლამენტზე შტურმის მიმტანი ადამიანი, ბრალდებული, რომელმაც გირაო არ გადაიხადა, დაარღვია კანონი და საერთაშორისო თანამეგობრობა კარგი იქნებოდა თუ მაშინ აღშფოთდებოდა, როდესაც მელიამ ასეულობით სხვა პრობაციონერის თვალწინ და საზოგადოების თვალწინ სამაჯური მოიხსნა, ისროლა ქუჩაში და თქვა, რომ არც კანონი მაინტერესებს და არც კონსტიტუცია. კანონი და კონსტიტუცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ისევე, როგორც ნებისმიერი დასავლური სახელმწიფოსთვის და ჩვენ ამას განუხრელად მივყვებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.