„დიალოგი უნდა შედგეს ძალიან კონკრეტულ თემებზე - ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდათ. დიდი ხანია, ჩვენ გამოვთქვით ამისთვის მზადყოფნა, ოღონდ ამისთვის კანონიერი, კონსტიტუციურად გამართული ფორმა უნდა მოვძებნოთ. ყველაზე მოკლე და სამართლებრივად გამართული გზა არის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს ყველანაირი უფლებამოსილება და რომლის წევრთა სულ მცირე ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელმა მოვლენებმა ყველას ნათლად დაანახა, რომ საქართველოში კანონმა უნდა იკანონოს და დემოკრატია უნდა განვითარდეს იმ ჩარჩოში, რომელშიც ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ვითარდება.
„ის, რომ პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი ადამიანი ამბობს, რომ დემონსტრაციულად დაარღვევს კანონს და სახელმწიფოს გამოწვევას ესვრის, ამ გამოწვევით თითოეულ მოქალაქეს წაუშალოს პასუხისმგებლობა კანონის წინაშე, უკვე ითქვა , რომ ასეთი დამოკიდებულება საქართველოში აღარ გაგრძელდება. სწორედ ეს არის დიალოგი საფუძველი. დიალოგი უნდა შედგეს ძალიან კონკრეტულ თემებზე - ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდათ. დიდი ხანია, ჩვენ გამოვთქვით ამისთვის მზადყოფნა, ოღონდ ამისთვის კანონიერი, კონსტიტუციურად გამართული ფორმა უნდა მოვძებნოთ. ყველაზე მოკლე და სამართლებრივად გამართული გზა არის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს ყველანაირი უფლებამოსილება და რომლის წევრთა სულ მცირე ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. იქვე იყო დათქმა, რომ დავნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს, თუ 1%-ით მაინც გაყალბდა შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მათ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური გზა იციან, მაგრამ მას არ მოყვებიან, ვინაიდან იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. მათთვის მთავარია არა დემოკრატიული პროცესი, არამედ ძალაუფლების ნებისმიერი მეთოდით ხელში ჩაგდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.