პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„მათ ზუსტად იციან, რომ თავად არიან რეალურ უმცირესობაში, ამიტომ ხდება მანიპულირება სხვადასხვა თემით და გირაოს არგადახდა ამის ნაწილია.
ამას წინ უძღვოდა – არ ვცნობ, არ ვემორჩილები. არადა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო არის ადამიანების ერთობა, რომელთაც აერთიანებთ კულტურა, უსაფრთხოება, თვითმყოფადობის დაცვა და ა.შ.
სახელმწიფო არის ინსტრუმენტი, რომელმაც ეს ყველაფერი უნდა დაიცვას.
დღეს ჩვენ რომ კანონების დაუმორჩილებლობა წესად ვაქციოთ, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ეს ჩაჯდება ჩვენს ფსიქიკაში, რომ არ მინდა და არ ვცნობ კანონს, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, უცხოელმაც შინაურმაც. თუ ჩვენ სახელმწიფოს ჩამოვშლით, ეს რუსეთს გაუხარდება, მაგრამ ნუ გგონიათ, რომ დედამიწაზე ვინმე შავებს ჩაიცვამს ამის გამო. ამ ქვეყნის პატრონები მხოლოდ ჩვენ ვართ. დღეს არ დაწყებულა საქართველო.
ზოგს ჰგონია, რომ ხუთი და 15 წლის წინ დაიწყო, მაგრამ სინამდვილეში საუკუნეების ისტორია აქვს. ერთ მშვენიერ დღეს თქმა იმისა, რომ მოდი, მე ახლა ამას ჩამოვშლი, სინამდვილეში ყველას ჩაიყოლებს და ეს ტრაგედიაა იმისთვის, ვისაც აქ უნდა ცხოვრება. ჩრდილოეთიდან მომავალ ცივ ქარიშხალში ჩვენ მოკავშირეები გვჭირდება ამ სახელმწიფოს გასაძლიერებლად, მაგრამ მოკავშირეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ ეს სახელმწიფო ჩამოგვეშალა, მერე რაღას დავიცავთ?!“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.