„არჩევნებში მოსახლეობამ აჩვენა მაღალი აქტივობა და ის თავისუფალი ველი, რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების წინ შექმნა, მოსახლეობამ სრულად გამოიყენა. ამდენი თავისუფალი ტელევიზია, ასეთი თავისუფალი ბიზნესი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ პარტიაში ჩადოს ფული, ან ბიზნესმენმა თვითონ დაიწყოს პოლიტიკური კარიერა. მოსახლეობამ ნახა ეს თავისუფლება და მისცა ხმა ისე, როგორც მისცა, ამ ადამიანებმა კი ეს ნდობა ქარს გაატანეს და მიშა სააკაშვილს ჩააბარეს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ამომრჩეველი გაბრაზდა ამაზე და მისი რეაქცია გამოიხატებოდა იმაში, რომ ოპოზიციის არც ერთ ლოზუნგს არ აჰყვა.
საზოგადოება ხედავს, რომ ბოლო თვეებში პოლიტიკური კომპრომისი რამდენჯერმე შედგა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.
ეს იყო არა ხალხის, არამედ პოლიტიკოსების დაკვეთა, მაგრამ შემდეგ შუა გზაში ააყირავეს მაგიდა და ელჩების თანდასწრებით მიღწეულ გადაწყვეტილებას პარლამენტში ხმა არ მისცეს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა დაინახა მათი მხრიდან სპეკულაცია და გადადგა მნიშვნელოვანია ნაბიჯი პოლიტიკური კონსენსუსისთვის - შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.
პრეზიდენტმა ეს გააკეთა, რათა ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთოს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში. საბოლოო ჯამში ყოველი ასეთი ნაბიჯი საბოლოო ჯამში გადაიზრდებოდა პოლიტიკაში კრიმინალის მონაწილეობის წახალისებაში.
ამან წაახალისა მთელი პროცესი და მიიყვანა ნიკა მელია იქამდე, რომ ის ამ კრიმინალური პოლიტიკური ინტრიგის მსხვერპლი გახდა. პირველად სასამართლომ ლმობიერება გამოიჩინა და პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა, მაგრამ მათ ეს ვერ დაინახეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.